ირანი კიდევ 100 ამერიკულ ობიექტზე თავდასხმით დაიმუქრა

ირანი კიდევ 100 ამერიკულ ობიექტზე თავდასხმით დაიმუქრა

ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშის შედეგად არანაკლებ 80 „ამერიკელი ტერორისტი“ დაიღუპა, ხოლო ბაზაზე განთავსებული ვერტმფრენები და სხვა აღჭურვილობა ძალინ დაზიანდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

თეირანის მტკიცებით, ირანმა ამერიკული ბაზის მიმართულებით 15 რაკეტა გაუშვა. ამასთან, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსანი წარმომადგენლის განცხადებით, ირანი მზადაა იერიში კიდევ 100 ამერიკულ ობიექტზე მიიტანოს, თუ ვაშინგტონი საპასუხო ზომების მიღებას გადაწყვეტს.

თავის მხრივ, პენტაგონი აცხადებს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა სარაკეტო თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდნენ და ბუნკერებში დამალვის შესაძლებლობა ჰქონდათ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო მიყენებულ ზიანს აფასებს, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ერაყში ამერიკულ ბაზაზე მიტანილ იერიშს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველაფერი კარგადაა.

ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. სამიზნე ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ერბილეს მახლობლად მდებარე ბაზა ,,აინ ალ-ასადი’’ გახდა.

როგორც ირანში განაცხადეს, ეს სარაკეტო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს. ამასთან, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განცხადება გაავრცელა და აშშ-ს მოუწოდა, თავი შეიკავოს საპასუხო ნაბიჯებისგან. 

5 იანვარს ირანმა აშშ-ის მიერ გენერალის მოკვლის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.

ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს.

გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი.

ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.