„ჰეზბოლას“ ლიდერი აშშ-ს დაემუქრა

„ჰეზბოლას“ ლიდერი აშშ-ს დაემუქრა

რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას თქმით, ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკელ სამხედროებს ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო დიდი საფასურის გადახდა მოუწევთ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Al Zazeera ავრცელებს.

„რეგიონში განთავსებული ამერიკული სამხედრო ძალა სამართლიანი დასჯის სამიზნე გახდება - ამერიკული სამხედრო ბაზები, სამხედრო ხომალდები, თითოეული ამერიკელი ჯარისკაცი და ოფიცერი. ისინი სახლებში კუბოებით დაბრუნდებიან“, - განაცხადა ნასრალამ.

ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს. გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა.

მომხდარის გამო ერაყმა თავისი ტერიტორიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა მოითხოვა, ირანმა კი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი. ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.