საფრანგეთში ქალაქ მეცის პოლიციამ დაჭრა დანით შეიარაღებული კაცი, რომელიც პოლიციელებს თავს დაესხა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კაცი ყვიროდა „ალაჰ აკბარ“ და სამართალდამცველებს დანით ემუქრებოდა. პოლიციელებმა ის თეძოში დაჭრეს.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი იმ ადამიანთა სიაში შედიოდა, რომლებსაც ტერორისტებთან კავშირის გამო უთვალთვალებენ. ეჭვმიტანილის ვინაობა არ საჯაროვდება.
მსგავსი თავდასხმა საფრანგეთში წელს უკვე მეორედ ხდება. 3 იანვარს პარიზის გარეუბანში 22 წლის კაცი გამვლელებს დაესხა თავს. ისიც „ალაჰ აკბარ“-ს სკანდირებდა. შედეგად 1 კაცი დაიღუპა და 2 ქალი დაიჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა.