პაკისტანში გენერალ სულეიმანის მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

პაკისტანში გენერალ სულეიმანის მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

პაკისტანში, ქალაქ კარაჩიში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე ათასი შიიტი მუსლიმი აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მკვლელობას აპროტესტებდა. აქციის მონაწილეები აშშ-ის საელჩოსთან მისვლას ცდილობდნენ და სკანდირებდნენ: „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“.

სამართალდამცველებმა საელჩოსთან მისასვლელი გზები დაბლოკეს, მაგრამ დემონსტრანტები ბარიკადების გადალახვას ცდილობდნენ, რამაც მათსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. შეტაკების შემდეგ აქციის მონაწილეები დაიშალნენ. მანამდე პაკისტანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არავის მისცემენ ქვეყნის ტერიტორიის ირანის წინააღმდეგ გამოყენების უფლებას.

შედარებით მცირე მსვლელობა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადშიც გამართეს.

ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს. გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა.

მომხდარის გამო ერაყმა თავისი ტერიტორიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა მოითხოვა, ირანმა კი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი. ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.