ირანთან დაძაბულობის ფონზე აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 სამხედროს გაგზავნის. ინფორმაციას CNN-ი პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. დამატებითი ძალები სწრაფი რეაგირების 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიაში ირიცხებიან.
მანამდე პენტაგონის ხელმძღვანელმა მაიკ ესპერმა განაცხადა, რომ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე იერიშის შემდეგ რეგიონში 750 სამხედროს გააგზავნიდა.
აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ერაყში ირანის გაძლიერება კარგად არ დასრულდება.
ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში მოკლეს.
პირველ იანვარს აშშ-ის საელჩომ ბაღდადში მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურება შეწყვიტა.
31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ის მიერ ერაყში „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა განახორციელეს.
მანამდე აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას“ უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი“ უწოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიში 29 დეკემბერს მიიტანეს.