აშშ და მისი მოკავშირეები ერაყის შეიარაღებული ძალებისთვის წვრთნებს წყვეტენ. მიზეზი აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის მოკვლის შემდეგ გაზრდილი დაძაბულობაა. ამის შესახებ Reuters-ი გერმანული მხარის წერილზე დაყრდნობით იტყობინება.
გერმანიის ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ის გენერალ-ლეიტენანტმა პეტ უაიტმა ეს გადაწყვეტილება ერაყში განლაგებული სამხედროებისთვის უსაფრთხოების ნორმების გაზრდის აუცილებლობის მიზნით მიიღო.
„ამრიგად, ერაყის უსაფრთხოებისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის სწავლება დროებით შეჩერებულია, - ნათქვამია წერილში, რომელიც გერმანელმა გენერალმა ერიხ პფეფერმა ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტს გაუგზავნა.
აქვე აღნიშნულია, რომ დირექტივა სავალდებულოა ყველა პარტნიორისთვის, რომელიც სწავლებაში მონაწილეობს. გერმანიას ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით მიდინარე ოპერაციის ფარგლებში 120 ჯარისკაცი ჰყავს.
ირანთან დაძაბულობის ფონზე აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 სამხედროს გაგზავნის.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ირანთან ომი არ სურს, თუმცა ამერიკელი ხალხის დასაცავად საჭირო გადაწყვეტილებებს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღებს. მანამდე ირანი შურისძიებით დაიმუქრა.
ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში მოკლეს. ამას წინ უძღონდა ერაყში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა.
აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას“ უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი“ უწოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიში 29 დეკემბერს მიიტანეს.