სიდნეის ცნობილი საახალწლო ღონისძიება - გრანდიოზული ფეიერვერკი, ავსტრალიაში ტყის ხანძრების მიუხედავად მაინც ჩატარდება. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა. ინფორმაციას Deutshe Welle ავრცელებს.
მორისონმა ასევე თქვა, რომ მოხალისე მეხანძრეების ნაწილი, რომელიც ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობს, ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს.
პრემიერი თქმით, მსოფლიო ყოველ წელს უყურებს სიდნეის, "უყურებს მათ ენთუზიაზმსა და წარმატებას".
"იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც ვართ, უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით, არ შემიძლია უკეთესი დრო წარმოვიდგინო, რომ მსოფლიოს ვუთხრათ, თუ რაოდენ ოპტიმისტური და პოზიტიურია ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა სკოტ მორისონმა.
ქალაქ სიდნეის საკრებულომ საახალწლო ფეიერვერკისთვის 4.19 მილიონის გამოყოფას მხარი დაუჭირა, თუმცა ღონისძიება ნებისმიერ დროს, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, შესაძლოა გაუქმდეს.
29 დეკემბერს ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში ტყის ხანძრების გამო ევაკუციის ბრძანება ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. შტატის ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 40ჩ გრადუსს აღწევს, ძლიერი ქარი და მისი მიმართულების შეცვლა იმის ნიშანია, რომ ორშაბათს შტატში დარჩენა ძალიან სახიფათო იქნება. ამ ეტაპზე ავსტრალიაში 100-ზე მეტი ხანძრის კერაა.
ქვეყანაში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძრების შედეგად დაიწვა მილიონობით ჰექტარი მიწა და ათასზე მეტი სახლი განადგურდა, სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა.
18 დეკემბერს საშუალო ტემპერატურამ ავსტრალიაში 41.9 გრადუსს მიაღწია, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე აღმოჩნდა. ტურისტებს ავსტრალიაში მოგზაურობისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდეს.