აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ჩვენების მიცემა გადაწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post-ი ავრცელებს.
მანამდე ბაიდენი ჩვენების მიცემაზე უარის თქმას იმით ხსნიდა, რომ მისი ჩვენებები საზოგადოების ყურადღებას ტრამპისგან და მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებებიდან სხვა საკითხზე გადაიტანდა.
„თქვენ იცით, რომ მე ორი იმპიჩმენტი გადავიტანე. ერთი, როგორც ახალგაზრდა სენატორმა, და მეორე, როგორც შუა ასაკის სენატორმა. ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, სასიხარულო არაფერია. თუ ჩვენების მისაცემად გამომიძახებენ, მზად ვარ ჩემი მოვალეობა შევასრულო“, - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. ამის მიზეზი ტრამპი-ზელენკის სატელეფონო საუბარი გახდა.
დემოკრატებმა ივარაუდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა. საჯარო მოსმენების ფარგლებში, კონგრესს ჩვენება 12-მა მოწმემ მისცა. 4 დეკემბერს კი წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ 300-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა.
ტრამპი ენდრიუ ჯონსონისა და ბილ კლინტონის შემდეგ აშშ-ის მესამე პრეზიდენტია, რომლის იმპიჩმენტს მხარი წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა. პირველ 2 შემთხვევაში, ჯონსონი და კლინტონი პოსტებზე დარჩნენ.