მართალია, სიღარიბის დაძლევა ხუთი წლის შემდეგ იგეგმება, თუმცა სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას მაშინ ჩაეყარა საფუძველი, როდესაც ამ მანკიერების დაძლევის პროგრამა ამოქმედდა, რომელშიც, მიუხედავად სურვილისა, ყველა ქართველი ღარიბი ვერ მოხვდა (ვერ მოხვდა, რაკი ზოგს ტელევიზორი ჰქონდა, ზოგიც „ქოლგეითითა“ და „არიელით“ იცავდა პირად ჰიგიენას).
კრიტერიუმების უსამართლობაზე შესაბამისი ექსპერტები დღიდან პროგრამის ამოქმედებისა ღაღადებდნენ, თუმცა ხელისუფლების თავში საკითხის ამ მიმართულებით გადაჭრის გადაწყვეტილება მხოლოდ წინასაარჩევნოდ მომწიფდა.
კერძოდ, დედაქალაქის მერიამ კრიტერიუმები გადასინჯა და ღარიბთა ჩამონათვალს 30 000 ოჯახიც დაამატა, რომლებიც უფასო სამედიცინო დაზღვევით ისარგებლებენ (ანუ ჯანმრთელები მაინც იქნებიან, ვიდრე ქვეყანაში სიღარიბე დაიძლევა).
გადასინჯვის ოფიციალურ მოტივად კრიტერიუმების უსამართლობა დასახელდა, თუმცა არაოფიციალური მოტივი, სავარაუდოდ, მეტად მიწიერია: იმედი აქვთ, რომ გადასინჯულები თავიანთ საარჩევნო ხმებს გადამსინჯველებს შეაწევენ.
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ სიღარიბე თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ვერ დაუმარცხებიათ, კრიტერიუმების გადასინჯვა კი ყოველთვისაა შესაძლებელი, ჩნდება ეჭვი, რომ ღარიბები, განსაკუთრებით ელექტორალური თვალსაზრისით, ფასდაუდებელი განძია.