აშშ-ის კიბერსარდლობამ ინფორმაციული ომის ტაქტიკა შეიმუშავა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას საარჩევნო სისტემის გატეხვით ან ამერიკულ საზოგადოებაში უთანხმოების ჩამოგდებით შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
განხილვის ერთ-ერთი ვარიანტია საინფორმაციო ომი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების, სამხედროებისა და ზოგიერთი ოლიგარქის წინააღმდეგ არის მიმართული. წყაროების თქმით, შეტევა სავარაუდოდ, არ მოხდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, რადგან ეს შეიძლება ძალიან პროვოკაციული იყოს.
ოპერაციის ფარგლებში ამერიკელებმა მაღალი თანამდებობის პირებსა და ბიზნესმენებს შესაძლოა გაუგზავნონ წერილები, სადაც ჩანს, რომ თუ არჩევნებში ჩარევა არ შეწყდება, მათ კონფიდენციალურ მონაცემებს გაამჟღავნებენ.
ასევე, აშშ-ის კიბერსარდლობა განიხილავს დეზინფორმაციის გავრცელების ვარიანტს, რათა რუს მაღალჩინოსნებსა და რუსულ ელიტას შორის უთანხმოება ჩამოვარდეს. ამასთან, როგორც The Washington Post-ი წერს, რუსულ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის ვარიანტები არ განიხილება.
რუსულ საქმეზე გამოძიება 22 მარტს დასრულდა. დასკვნის მიხედვით, შეთქმულებისა თუ კონსპირაციის არც ერთი ფაქტი არ იკვეთება. აგრეთვე, არ დგინდება ტრამპისა და მისი გარემოცვის რომელიმე წევრის მხრიდან სახელმწიფოს ღალატის არც ერთი შემთხვევა. საქმის გამომძიებელი სპეცპროკურორი რობერტ მიულერი თანამდებობიდან 29 მაისს გადადგა.