ჯანდაცვის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი ხარჯების მაქსიმალურად შეზღუდვაა

ჯანდაცვის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი ხარჯების მაქსიმალურად შეზღუდვაა

მომავალი წლიდან პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში გადამზადდებიან როგორც ექიმები, ასევე მოხდება სამედიცინო დაწესებულებების ხარისხობრივი აღჭურვა. პარალელურად დაკორექტირდება პროგრამები. უკვე ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი. ამ ყველაფრით ტიკარაძის უწყება ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდობს უზარმაზარი ხარჯი, რომელსაც სამინისტრო ჯანდაცვის კუთხით ეწევა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მომავალი წლისთვის იგეგმება, ეს იქნება პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს ექიმების ხარისხობრივ გადამზადებას, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. კონტროლის დაწესების კუთხითაც გადავდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

პირველადი ნაბიჯები დაიწყება როგორც სოფლად, ასევე ისეთი დიდ ქალაქებში როგორიც არის თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. იმედი გვაქვს, გვექნება ის შედეგები, რა მოლოდინიც გვაქვს“, - განაცხადა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

პირველადი ჯანდაცვის სისტემის ახლებური მუშაობით, შესაძლოა, 28%-ით შემცირდეს სასწრაფო დახმარების მომსახურების გამოყენება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას აზრით, პირველადი ჯანდაცვა არის სამედიცინო მომსახურეობის ის დონე, რომელიც უზრუნველყოფს რესურსის სამართლიან, ეფექტურ გადანაწილებას, მთავარია მთლიანად მოიცვას ადამიანის ყველა შესაძლებლობა, იქნება ეს სამედიცინო, სოციალური, თუ ფსიქოლოგიური კუთხით.

„ადამიანის უფლების დაცვის კონტექსში, აუცილებელია, ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად პირველადი ჯანდაცვის სერვისის გაძლიერებაზე, რათა მივიღოთ ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა. მთელი რიგი ვალდებულებები უკავშირდება პირველადი ჯანდაცვის ეფექტურ ფუნქციობას, პირველადი ჯანდაცვის გარეშე შეუძლებელია მივაღწიოთ ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის მიზნებს და ა.შ.“, - განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საერთაშორისო გამოცდილება მიუთითებს, რომ პირველადი ჯანდაცვის დონეს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო რესურსი იმისთვის, რომ ქვეყანამ მოახერხოს არასაჭირო, ძვირადღირებული სერვისის დაზოგვა. სავარაუდიდ, სწორედ აქეთკენაა მიმართული ის ნაბიჯები, რომელსაც სამინისტრო ბოლო პერიოდში აქტიურად დგამს - დაწყებული 520-ე დადგენილების ამოქმედებით და 2020 წელს დაანონსებული რეფორმების დაგეგმვით.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ მოფიქრებული ეს გამოსავალი დაგვიანებულია, ვინაიდან კლინიკებისთვის დავალიანება 60 მილიონ ლარს აღწევს და მათ ივნისის მომსახურეობის თანხებიც კი არ აქვთ მიღებული. იგი ასევე აკრიტიკებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების 1-ლარიან პროგრამას და ამბობს, რომ აღნიშნული პროგრამა „ფაქტიურად დღესაც ჩავარდნილია“.

„შეგიძლიათ აფთიაქში მიხვიდეთ და ნახოთ, რომ პენსიონერები იმ 1 ლარად ვერ იყიდიან წამლებს, რადგან ფიზიკურად არ არის ქსელში. ეს პროგრამა 20 მილიონი ლარიდან შემცირდა 10 მილიონამდე 2020 წელს. თანაც აწესებს ერთიან ტარიფს კლინიკებისთვის. ასეთი ტიპის ნაბიჯებით ცდილობს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ იპოვოს გამოსავალი.

მესმის, როცა ახალი მინისტრი ხარ, გინდა თავი რაღაც მნიშვნელოვანით დაამახსოვრო ქვეყანას და პაციენტებს, მაგრამ ის, რითიც გინდა თავი დაამახსოვრო, უნდა იყოს უკეთესი, ხარისხიანი ჯანდაცვა, უკეთესი მედიცინა, წინ წასული დარგი, შემცირებული სიკვდილიანობა და ავადობის მაჩვენებელი. ისე, როგორც ახლა აპირებენ, ეს, სამწუხაროდ, რეფორმა არ არის, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან თანხების დაზოგვის სურვილი. ეს ხდება ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.