დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი თანამშრომელი აშშ-ის პრეზიდენტს სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
ფლორიდის შტატის მკვიდრის, არლინ დელგადოს მტკიცებით, თეთრ სახლში თანამდებობა მან ორსულობის გამო ვერ მიიღო.
როგორც ნიუ-იორკის შტატის სამხრეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელიდან ირკვევა, 2016 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2017 წლის 20 იანვრამდე არლინ დელგადო ტრამპის შტაბში ლათინოამერიკული წარმოშობის ამერიკელების საკითხებში უფროსი მრჩეველი იყო.
2016 წლის ნოემბერში დელგადომ გაიგო, რომ თავისი უშუალო უფროსის, ჯეისონ მილერისგან შვილს ელოდებოდა. მისი თქმით, ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელებმა უთხრეს, რომ ორსულობის გამო თეთრ სახლში თანამდებობას ვერ მიიღებდა.
არლინ დელგადო ამბობს, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა და კომპენსაციის გადახდას ითხოვს. დელგადოს სარჩელში მოპასუხეებად დონალდ ტრამპი და მისი საარჩევნო შტაბის რამდენიმე ხელმძღვანელია მითითებული.