თურქეთში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის შვილმა საუდის არაბეთის მართლმსაჯულებას ნდობა გამოუცხადა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
სალაჰ ჰაშაღის თქმით, ის ქვეყნის სასამართლო სისტემას სრულად ენდობა, ხოლო მამამისის მკვლელობაში ბრალდებულებისთვის გამოტანილ განაჩენს კი სამართლიანი უწოდა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მკვლელობაში ხუთ ბრალდებულს სიკვდილი მიუსაჯეს, საქმის კიდევ სამ ფიგურანტს 24-24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსჯავრდებულთა ვინაობა არ სახელდება.
ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2018 წლის ოქტომბერში მოკლეს. ის საუდის არაბეთის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა. მოკლული ჟურნალისტის დანაწევრებული სხეული ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.
8 თებერვალს გაერომ თავისი ექსპერტების დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის მკვლელობა საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებმა დაგეგმეს და შეასრულეს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს გამოძიების დასკვნის შედეგებს უარყოფს.