ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" ჯგუფი, ორი წლის წინ ქვეყანაში ბოლო ტერიტორიების დატოვებისა და დაკარგვის შემდეგ, ძალებს იკრებს. ამის სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს. ამის შესახებ BBC წერს.
ქურთები და დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ISIS-ის წევრები ერაყში უფრო დახვეწილად მოქმედებენ და მათი თავდასხმები იზრდება. ქურთი მაღალჩინოსნის ლაჰურ თალაბანის განცხადებით, მებრძოლები ახლა უფრო მეტად გაწვრთნილები და გაცილებით საშიშები არიან ვიდრე "ალ-ქაიდას" წევრები.
"მათ აქვთ უკეთესი აღჭურვა, უკეთესი ტაქტიკა და მეტი ფული", - ამბობს მაღალჩინოსანი. "მათ შეუძლიათ შეიძინონ მანქანები, იარაღი, იქონიონ საკვების მარაგი და აღჭურვილობა. ტექნოლოგიურად ისინი უფრო საზრიანები გახდნენ. დღეს უფრო რთულია მათი განდევნა. ისინი ჰგვანან სტეროიდებზე მყოფ ალ-ქაიდას", - განაცხადა ქურთმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.
"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ალ-ბაღდადი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციისას ოქტომბერში მოკლეს. მოგვიანებით "ისლამურმა სახელმწიფომ" ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურა და ახალი ხალიფა აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ქურაიში დაასახელა. ოქტომბრის ბოლოსვე Al Arabiya-სთან ინტერვიუში ალ-ბაღდადის თანამოაზრე მოჰამედ ალი საჯეთმა თქვა, რომ ერაყელმა მწყემსებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ძვირფასეულობას მიაგნეს, რომლის ღირებულებაც 25 მილიონ დოლარამდეა.
ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიასა და ერაყში ტერიტორიების დიდი ნაწილი 2014-2015 წლებში დაიკავა. მათმა ძლევამოსილებამ პიკს 2014 წელს მიაღწია. ამის შემდეგ რადიკალების წინააღმდეგ საერთაშორისო ანტიტერორისტულმა კოალიციამ მასშტაბური ოპერაცია დაიწყო.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ უკანასკნელი კონტროლირებადი ტერიტორია სირიაში არსებული დასახლება ბაღუზი 2019 წლის მარტში დაკარგა.