ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე 11 კანდიდატი იყრის კენჭს: მოქმედი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ოპოზიციონერი და ყოფილი პრემიერი ზორან მილანოვიჩი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), მომღერალი და მუსიკოსი მიროსლავ შკორო, დამოუკიდებელი კანდიდატები დარიო იურიჩანი, დალია ორეშკოვიჩი, მისლავ კოლაკუშიჩი, ივან პერნარი, კატარინა პეოვიჩი („მუშათა ფრონტი“), ნედელკო ბაბიჩი (HSSCKS), ეკონომისტი დეიან კოვაჩი და ანტო ჯაპიჩი („ეროვნული განახლების დემოკრატიული კავშირი“).
ფავორიტებად კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ზორან მილანოვიჩი და მიროსლავ შკორო ითვლებიან. წინასაარჩევნო გამოკითხვებში 24,3%-იანი მხარდაჭერით მილანოვიჩი ლიდერობდა, რომელიც ქვეყნის ევროზე გადასვლას და პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაფართოებას ეწინააღმდეგება, გაპრეზიდენტების შემთხვევაში კი დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან და აშშ-თან პარტნიორობის განვითარება სურს.
ხორვატიის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის მიცემის უფლება 3,8 მილიონ ადამიანს აქვს, მათგან 177 ათასი საზღვარგარეთ ცხოვრობს. ხორვატიის პრეზიდენტს 5-წლიანი ვადით ირჩევენ, ამ თანამდებობის დაკავება კი მხოლოდ ორი ვადით შეიძლება. თუ პირველ ტურში რომელიმე კანდიდატი ხმათა 50%-ზე მეტს ვერ მიიღებს, 14 დღეში მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ორი საუკეთესო მაჩვენებლის მფლობელი კანდიდატი გადის.