ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აშრაფ ღანი ​ლიდერობს

ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აშრაფ ღანი ​ლიდერობს

ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჰავა ალამ ნურისტანის განცხადებით, წინასწარი შედეგებით, სექტემბერში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 50,64%-ით მოქმედი პრეზიდენტი აშრაფ ღანი ​ლიდერობს. ინფორმაციას ამის შესახებ ავღანური ტელეარხი Tolo News-ი ავრცელებს.

მეორე ადგილზე ხმათა 39,52%-ით პრემიერმინისტრი აბდულა აბდულა გავიდა, მესამეზე კი ყოფილი პრემიერი და ავღანელი მოჯაჰედების ყოფილი ლიდერი გულბედინ ჰექმატიარი აღმოჩნდა (3,85%). რამდენიმე დღის წინ ჰექმატიარმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების შეჯამებისას დარღვევები გამოვლინდა და ამის გამო ხმების გადათვლა მოითხოვა.

საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში 28 სექტემბერს ჩატარდა. წინასწარი შედეგები 19 ოქტომბერს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა შემდეგ ჰავა ალამ ნურისტანიმ ხმების დასათვლელად გამოყოფილი დროის გახანგრძლივება მოითხოვა.