ჩუღურეთის რაიონში დასასვენებელი სივრცე გაიხსნა

ჩუღურეთის რაიონში დასასვენებელი სივრცე გაიხსნა

ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის N68-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი სივრცე მოეწყო, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სიცოცხლის სკვერის სახელი მიენიჭა. აღნიშნული სკვერის მოწყობის სამუშაოები საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროექტით განხორციელდა და ის ომში დაღუპული ქალბატონების ხსოვნის პატივსაცემად გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი ფილებით მოპირკეთდა, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო გასართობი ზონა და საპარკე ავეჯი. ასევე, დაირგო ხე-მცენარეები და ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა. დასასვენებელი სივრცის გახსნას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტის და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი ვოლსკი და რიმა ბერაძე,საკრებულოს სახელდების კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, ასევე აფხაზეთის მთავრობისა და უზენაესი საბჭოს წევრები, სოხუმის თეატრის და GIPA-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ჩუღურეთის რაიონში, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, GIPA-ს პროექტით რეკრეაციული სივრცე მოვაწყვეთ, რომელსაც სიმბოლური დატვირთვაც ექნება. ომში დაღუპული ქალების ხსოვნის პატივსაცემად, სკვერის ტერიტორიაზე ტალღების ფორმის ნარინჯისფერი უსაფრთხოების მოაჯირები განთავსდა. დასასვენებელი სივრცე თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა და უკვე ყველა თაობის ადამიანისთვის საყვარელი ადგილი გახდა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. სამუშაოები, რომლის ღირებულება 77 000 ლარია, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არბამ“ შეასრულა.