მოსკოვში, „ეფესბეს“ შენობასთან სროლის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და თავდამსხმელი დაიღუპნენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სროლა მოსკოვის ცენტრში ადგილობრივი დროით 17:40 საათზე მოხდა. შეიარაღებული თავდამსხმელი „ეფესბეს“ შენობაში შეჭრას ცდილობდა, თუმცა დაცვამ მას წინააღმდეგობა გაუწია. თავდამსხმელმა ერთი ადამიანი მოკლა და გაქცევა სცადა. ის ახლომდებარე შენობაში გამაგრდა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია მოახერხეს. მისი ვინაობა ან მოტივები ამ დრომდე უცნობია.
მანამდე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური აცხადებდა, რომ თავდასხმაში 3 ადამიანი მონაწილეობდა და სამართალდამცველებმა ყველა მათგანი მოკლეს. საქმე სამართალდამცველის მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა.