„კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელებმა“ (ERC) პრემიერმინისტრ პედრო სანჩესის მთავრობის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებები შეაჩერეს და სანჩესის „სოციალისტური პარტიისგან“ (PSOE) ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს განაჩენის შეფასება მოითხოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ კატალონიის ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ორიოლ ჟუნკერასს ევროპარლამენტში არჩევის შემდეგ დეპუტატის იმუნიტეტი იცავდა.
ესპანეთის კანონმდებლობით, ევროპარლამენტის ახალმა დეპუტატებმა ესპანეთის კონსტიტუციაზე ფიცი მადრიდში უნდა დადონ, 2017 წლიდან პატიმრობაში მყოფ ჟუნკერასს კი ასეთი შესაძლებლობა არ მისცემია.
როგორც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ესპანეთს ჟუნკერასის პატიმრობა უნდა გაეუქმებინა და მისთვის ევროდეპუტატის ფიცის დადების შესაძლებლობა მიეცა.
10 ნოემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა ერთპარტიული მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მიიღო.