ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანიიდან გაძევებული ერთ-ერთი დიპლომატი რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) სამხედრო მზვერავი ევგენი სუცკია. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი წერს.
მისი ინფორმაციით, ევგენი სუცკი გერმანიაში რუსეთის საელჩოში სამხედრო ატაშეს მოადგილედ მუშაობდა, მისი რეალური მისია კი პროექტის „ჩრდილოეთი ნაკადი-2“ რეალიზაციისთვის გერმანელი საჯარო მოხელეების გადაბირება იყო.
ევგენი სუცკი როსტოვის ოლქში 1984 წელს დაიბადა, მას რუსეთის სამხედრო აკადემია აქვს დამთავრებული. გერმანიაში რუსეთის საელჩოში ის 2017 წლიდან მუშაობდა. გერმანული სპეცსამსახურები მას 2019 წლის ივლისიდან აკვირდებოდნენ.
სავარაუდოდ, ბუნდესტაგის დეპუტატობის ყოფილი კანდიდატის სალაჰადინ კობანის დახმარებით მან ბუნდესტაგის დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ფრაქციის წევრი იოაჰიმ პფაიფერი გაიცნო. გამოცემის ცნობით, პფაიფერი სუცკისთან კავშირს უარყოფს.
4 დეკემბერს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, გერმანიიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევეს. მოსკოვმა საპასუხო ზომები 12 დეკემბერს მიიღო.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია. Bელლინგცატ-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ.