დონალდ ტრამპი დემოკრატებს: თქვენ ამერიკულ დემოკრატიას ღია ომი გამოუცხადეთ

დონალდ ტრამპი დემოკრატებს: თქვენ ამერიკულ დემოკრატიას ღია ომი გამოუცხადეთ

აშშ-ის წარმომადგენელეთა პალატაში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციაზე კენჭისყრის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ BBC წერს.

თეთრი სახლის ლიდერმა მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას „გადატრიალების მცდელობა“ უწოდა. მისი თქმით, დემოკრატებმა და კერძოდ კი ნენსი პელოსიმ „ამერიკულ დემოკრატიას ღია ომი გამოუცხადა“.

„ყველამ, მათ შორის თქვენც, კარგად იცით რა ხდება. თქვენს მიერ შერჩეულმა კანდიდატმა 2016 წლის არჩევნებში მარცხი განიცადა. თქვენმა პარტიამ ამ დამარცხების გადატანა ვერ შეძლო, ამიტომაც ბოლო 3 წელია ცდილობთ არჩევნების შედეგები გააუქმოთ"- წერს ტრამპი.

10 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრებმა იმპიჩმენტის გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალდებები წარუდგინეს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. ამის მიზეზი ტრამპი-ზელენკის სატელეფონო საუბარი გახდა.

დემოკრატებმა ივარაუდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა. საჯარო მოსმენების ფარგლებში, კონგრესს ჩვენება 12-მა მოწმემ მისცა. 4 დეკემბერს კი წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ 300-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა.