იაპონია რუსეთისგან კურილის კუნძულებთან დაკავებული გემების გათავისუფლებას ითხოვს

იაპონია რუსეთისგან კურილის კუნძულებთან დაკავებული გემების გათავისუფლებას ითხოვს

რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა ხუთი იაპონური თევზსაჭერი გემი დააკავა. გემები ჰოკაიდოს პრეფექტურდან არიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ხომალდები შემოწმების მიზნით, კურილის ქედზე კუნაშირის კუნძულზე გაიგზავნა, რომელზე არსებულ რუსეთის სუვერინეტეტსაც იაპონია აპროტესტებს.

Al Jazeera-ს ცნობით, გემები კურილიის კუნძულების სამხრეთ ნაწილში დააკავეს. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს გემების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა.

იაპონიასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება უკვე 70 წელიწადია ვერ ხერხდება. ამისათვის იაპონია ოთხი კუნძულის დაბრუნებას მოითხოვს. მოსკოვი კი მიიჩნევს, რომ ეს კუნძულები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევიდა და მათი სუვერენიტეტის საკითხი უდავოა.

ვარაუდობენ, რომ მხარეები შეთანხმებას იაპონია-საბჭოეთის 1956 წლის დეკლარაციის საფუძველზე მიაღწევენ. ამ დოკუმენტის თანახმად, მოსკოვი იაპონიისთვის ორი კუნძულის - ხაბომაისა და შიკოტანის გადაცემის შესაძლებლობას უშვებს, თუმცა არაფერია ნათქვამი კუნაშირსა და იტურუპაზე.

გასული წლის სექტემბერში ვლადიმერ პუტინმა სინძო აბეს სამშვიდობო შეთანხმება ყოველგვარი მოსამზადებელი წინაპირობების გარეშე წლის ბოლომდე შესთავაზა, თუმცა მაშინ იაპონიამ ეს წინადადება არ მიიღო და განაცხადა, რომ მშვიდობა ვერ იქნება, სანამ კურილის კუნძულების საკითხი არ გადაწყდება.