ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაპირისპირებისას 46 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
დემონსტრანტებმა პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები და პიროტექნიკა დაუშინეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებს წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენება დასჭირდა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, აქციაზე 46 ადამიანი დაშავდა, 14 მათგანს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
16 დეკემბერს პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, ვისი კანდიდატურა იქნება წარდგენილი პრემიერის პოსტზე. დიდი ალბათობით, ეს კვლავ საად ჰარირი იქნება.
დემონსტრაციები ლიბანში 17 ოქტომბერს დაიწყო. აქციების მონაწილეები ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებენ. 18 ოქტომბერს ბეირუთის ცენტრში პოლიციამ აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად სულ მცირე 200 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 60 პოლიციელია. კრიზისთან საბრძოლველად მთავრობამ ეკონომიკური რეფორმების პაკეტი შეიმუშავა. მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ქვეყნის პრემიერმინისტრმა საად ჰარირიმ თანამდებობა დატოვა.