პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, გია ხუხაშვილისა და შს მინისტრის დაპირისპირების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. აქამდე ირაკლი ღარიბაშვილისა და პრემიერის მრჩევლის დაპირისპირების მიზეზად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დირექტორი ირაკლი წულაია (გავრცელებული ცნობით, ხუხაშვილის პროტეჟე) სახელდებოდა, ახლა კი ამბობენ, რომ ღარიბაშვილი გია ხუხაშვილის მეგობარ კოკა გუნცაძეზე აპირებს შეტევას. ამ და სხვა თემებზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, გია ხუხაშვილს ვესაუბრეთ:
ბატონო გია, თქვენი და ირაკლი ღარიბაშვილის დაპირისპირების მიზეზი ირაკლი წულაიას თანამდებობიდან გათავისუფლება გახდა?
- ჩემზე შეთხზულმა ლეგენდამ წარმოუდგენელ მასშტაბს მიაღწია და ესეც მოგონილი თემაა. ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი უმცროსი მეგობარია. ზოგი ირაკლი წულაიას ჩემს ნათესავად, დაახლოებულ პირად მოიხსენიებს, რაც ტყუილია. სამსახურიდან ირაკლი წულაია ეკონომიკის მინისტრმა გაათავისუფლა. ეს საკითხი ირაკლი ღარიბაშვილის კომპეტენცია არ ყოფილა. ვცდილობ, ჩემ შესახებ ამგვარ ლეგენდებს ირონიით ვუყურო, მაგრამ რკინისაც არა ვარ. ეტყობა, ეს არის ფასი, რომლის გადახდაც უწევს ადამიანს, როდესაც პოლიტიკაში შედის და მოვლენების ეპიცენტრში ექცევა. ერთხანს ვაპირებდი ამისთვის ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ რადგან ბინძური კამპანია თვეების განმავლობაში გაგრძელდა, გადავწყვიტე, სარჩელი შემეტანა ლაშა ამირეჯიბის წინააღმდეგ. დადგა დრო, შეიქმნას პრეცედენტი, რომ ვიღაც დაისაჯოს დაუსაბუთებელი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების გამო...
გავრცელებული ინფორმაციით, შს სამინისტროში მასალებია გამზადებული კოკა გუნცაძის წინააღმდეგ. ოქტომბრის არჩევნების მერე გუნცაძესა და რკინიგზის მაღალჩინოსნებს ბრალს წაუყენებენ კორუფციული გარიგებებისა და უკანონო ტვირთბრუნვისთვისო.
- არ ვიცი, რა მასალა აქვს შს სამინისტროს. მართალია, რკინიგზის მრჩევლად ვითვლები, მაგრამ, სამწუხაროდ, დრო აღარ მრჩება ამ საქმისთვის. გუნცაძე დიდი ხანია არ მინახავს და არაფერი ვიცი. კოკას კარგად ვიცნობ და გამიჭირდება იმის დაჯერება, რომ ასეთ რამეებში მონაწილეობდა. ალოგიკურია, რომ რომელიღაც დაგეგმილ ოპერაციაზე ორი თვით ადრე პრესაში გამოდიოდეს ოპერატიული ინფორმაცია.
რკინიგზა ყოველთვის ვიღაცის სალარო იყო. შევარდნაძის დროს იქ სახელისუფლებო სალარო იყო. სააკაშვილის დროსაც, როდესაც რკინიგზაში მოვიდა ბრძანება შავი სალაროს შექმნაზე, 2004 წლის ზაფხულში პროტესტის ნიშნად წამოვედი და საჯარო განცხადებაც გავაკეთე. მიუხედავად იმისა, რომ ტვირთბრუნვის საქმეში პრობლემებია, რკინიგზის შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა. ის სიკეთე, რაც რკინიგზის გადაზიდვებიდან კეზერაშვილის ჯიბეში მიდიოდა, რკინიგზას დაუბრუნდა. მარტო აქედან რკინიგზა 12 მლნ-მდე შემოსავალს მიიღებს.
რა ურთიერთობა გაქვთ კეზერაშვილთან? ხშირად აკეთებენ აქცენტს თქვენ შორის არსებულ კოაბიტაციაზე.
- ეს სრული აბსურდია. მე ვითვლები ხელისუფლების რადიკალურ ფრთად, რადგანაც მიმაჩნია, რომ კოაბიტაცია ყალბი ფენომენია. ის "ნაციონალურ მოძრაობას" ესმის როგორც სისხლის სამართლის დანაშაულის პატიება, რისიც კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.
ასეთ ვითარებაში რანაირად შეიძლება ლაპარაკი ჩემი და კეზერაშვილის კოაბიტაციაზე? "ნაციონალური მოძრაობა" უტიფრად გვიტევს და მათი პრეზიდენტობის კანდიდატი იმის თქმასაც კადრულობს, ვიცოდით, რა დანაშაულებიც ხდებოდა და ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთო. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ცოცხებით გაუპატიურების გამო მინიმუმ პოლიტიკიდან წასვლას მაინც უნდა ნიშნავდეს. საზოგადოებისა და "ნაციონალური მოძრაობის" თანაცხოვრება რომ შესაძლებელი გახდეს, მათ ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ, გულწრფელად მოინანიონ და ამის შემდეგ შეიძლება აპატიოს საზოგადოებამ, რაც შესაძლოა გახდეს კოაბიტაციის საფუძველი. Yმაღალ ეშელონებში ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
თუ რეჟიმი არ გასამართლდა, ყოველთვის ვიდგებით რისკის ქვეშ, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც ყოფილს დაემსგავსოს. ხელისუფლების დანაშაულის დასჯის პრეცედენტი უნდა შევქმნათ. არჩევნებამდე ამის საშუალება, როგორც ჩანს, ნაკლებად გვექნება, არჩევნების შემდგომ კი ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა მკვიდრდება.
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პრემიერთან ითხოვს შეხვედრას და ამბობს, რომ მის ბიზნესს დღევანდელი ხელისუფლებაც ავიწროებს.
- თამაზ ელიზბარაშვილი არ ტოვებს ტყუილად მოლაპარაკე ადამიანის შთაბეჭდილებას. ვიღაც უნდა დაინტერესდეს მისი განცხადებით. ყველას მოვუწოდებ, თუ ხელისუფლება ბიზნესმენებზე ზეწოლას ახდენს, აუცილებლად თქვან. თუ ისევ დაითრგუნენ და შეეშინდათ, ხელისუფლება მიდრეკილი გახდება ძალადობისკენ.
მნიშვნელოვანია, რომ არ შეგვეშინდეს და საჯაროდ ვთქვათ, რა პრობლემაც არის ბიზნესმენებისა და ხელისუფლების ურთიერთობაში. თუ ვინმეზე ხდება ზეწოლა, მზად ვარ, ყველა მათგანს შევხვდე და ვესაუბრო. პირობას ვდებ, ეს არ იქნება საუბარი საუბრისთვის. ისეთი უძლეველი არა ვარ, როგორც ამბობენ, მაგრამ რაღაცები მეც შემიძლია და შევეცდები მათი პრობლემის აღმოფხვრას.
პრემიერს მართლა თქვენ ურჩიეთ "მეცხრე არხის" დახურვა?
- "მეცხრე არხი" პრემიერისთვის მძიმე ტვირთი იყო. ის მოწადინებულია, მედია გახდეს დამოუკიდებელი, მეოთხე ხელისუფლება, და არ იყოს ინტეგრირებული ხელისუფლებაში. ბოლო თვეების განმავლობაში "მეცხრე არხი" იმიტომ მუშაობდა, რომ მისი თანამშრომლები არ დარჩენილიყვნენ უმუშევარი. მიდიოდა მოლაპარაკება გაყიდვაზე. თანამშრომლების შენარჩუნების მოტივით ეძებდნენ მყიდველს, მაგრამ... არსებულ ვითარებაში პოლიტიკური ინტერესის მქონე პირი თუ შეიძენს ტელევიზიას, მაგრამ ამას ბიძინა ივანიშვილი არ დაუშვებს.
ჯერჯერობით საქართველოს სარეკლამო ბაზარი ბევრი ტელევიზიის შენახვის საშუალებას არ იძლევა. მას 3-4 საერთო მაუწყებლის შენახვა ძალუძს მხოლოდ და სახიფათოა იმაზე მეტი ტელევიზია, რაც შეიძლება სარეკლამო ბაზარმა აიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტელევიზიებში პოლიტიკური ინვესტიციები დაიწყება, რაც სარისკოა დემოკრატიისთვის.
ივანიშვილის წასვლაზე რას ფიქრობთ?
- მნიშვნელოვანია, პრემიერი როგორ აუხსნის საზოგადოებას წასვლის მიზეზს. ივანიშვილი არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს არასტაბილურ ხელისუფლებას. ის არ წავა ისე, რომ პასუხისმგებლობა მოიშოროს. უსამართლოდ საყვედურობენ, ხელებს იბანსო. ივანიშვილი პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება და წასვლის შემდეგაც არ მოიხსნის პასუხისმგებლობას. როგორც საზოგადოება, ასევე მეც ვშფოთავ პრემიერის გადაწყვეტილების გამო. ჩემთვისაც იოლი არ არის მისგან ამის მოსმენა, მაგრამ მოვუსმინოთ, რას გვეტყვის წასვლისას.