ახალი ზელანდიის პოლიციის განცხადებით, მყვინთავებმა კუნძულ უაიტ-აილენდზე ვულკანის ამოფრქვევისას გარდაცვლილი ორი ადამიანის ძებნა განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
კუნძულ უაიტ-აილენდზე, ქალაქ ოკლენდიდან 270 კილომეტრში, ვულკანი 8 დეკემბერს ამოიფრქვა. პოლიციის ინფორმაციით, ამოფრქვევის დროს კუნძულზე 47 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ავსტრალიელი, ბრიტანელი, ამერიკელი, ჩინელი და მალაიზიელი ტურისტები.
ვულკანის ამოფრქვევისას 14 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. კიდევ 2 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული და ხელისუფლებამ მათი ცხედრების ძებნის ოპერაცია დაიწყო.
საავადმყოფოებში ამჟამად 17 ადამიანი რჩება, მათგან 13 კრიტიკულ მდგომარეობაშია. კიდევ 11 დაშავებული სამკურნალოდ ავსტრალიაში გადაიყვანეს.