ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ ბოლო 30 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ხმათა თითქმის 100%-ის დათვლის შედეგად ირკვევა, რომ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის პარტიას ხმა ამომრჩეველთა 43,6%-მა, ლეიბორისტებს 32,2%-მა, ლიბერალ-დემოკრატებს კი 11,5%-მა მისცა. აქტივობამ 67% შეადგინა.

შესაბამისად, კონსერვატორები 650-ადგილიან პარლამენტში სულ მცირე 363 მანდატს (2017 წლის არჩევნებთან შედარებით თითქმის 50-ით მეტს) მიიღებენ. ლეიბორისტებს პარლამენტში 203 დეპუტატი (40-ით ნაკლები), ლიბერალ-დემოკრატებს კი 11 დეპუტატი (1-ით ნაკლები) ეყოლებათ. წინა მოწვევის პარლამენტისგან განსხვავებით, კონსერვატორებს მტკიცე უმრავლესობა ექნებათ.

ლეიბორისტებმა 1935 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენეს. მათ არ დაუჭირეს მხარი იმ ჩრდილოეთ რეგიონებშიც კი, სადაც ტრადიციულად ლეიბორისტები იმარჯვებდნენ. ლეიბორისტული პარტიის მხარდაჭერის ერთადერთი ცენტრი ლონდონი და მისი მიმდებარე ტერიტორიები აღმოჩნდა. პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ შედეგების შესწავლის შემდეგ თანამდებობას დატოვებს.

ახლა აღარავის ეპარება ეჭვი, რომ Brexit-ი 2020 წლის 1-ელ თებერვალს ან უფრო ადრე შედგება. სწორედ ამ დღეს იწურება მორიგი ვადა, რომლითაც ევროკავშირმა თავისი შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა გადადო. Brexit-ის განსახორციელებლად დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბორის ჯონსონის მიერ მიღწეული შეთანხმება უნდა დაამტკიცოს.

ევროკავშირის შემადგენლობიდან ფორმალური გასვლა თავიდან თითქმის არაფერს შეცვლის, გარდა ორი რამისა: ამ საკითხზე მეორე რეფერენდუმი აღარ ჩატარდება, ბრიტანეთის მთავრობა კი Brexit-ის მოთხოვნას უკან ვეღარ გაიწვევს. თუ 1-ელ თებერვლამდე პარლამენტი ჯონსონის მიერ მიღწეულ შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს, შესაძლოა „ხისტი Bრეხიტ-ი“ განხორციელდეს ან ბორის ჯონსონმა პროცესის ერთი ან ორი წლით გადავადება მოითხოვოს, მიუხედავად მისი საჯარო განცხადებებისა იმის შესახებ, რომ 1-ელ თებერვალს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში აღარ იქნება.

გარდა ამისა, ბორის ჯონსონი ახალი პრობლემის წინაშე აღმონჩდა. ქვეყნის დიდი ნაწილისგან განსხვავებით, შოტლანდიაში კონსერვატორებმა არა მხოლოდ არ გაიმყარეს თავისი პოზიციები, არამედ პირიქით - დაახლოებით 15 მანდატი დაკარგეს. რეგიონში გამარჯვება „შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ“ მოიპოვა, რომელიც Brexit-ის აქტიური მოწინააღმდეგეა და მზად არის რეფერენდუმზე რეგიონის დამოუკიდებლობის საკითხი გაიტანოს. 2014 წელს გამართულ რეფერენდუმზე დამოუკიდებლობის გამოცხადებას მხარი მოსახლეობის 45%-მა დაუჭირა.