აშშ-ის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია სომეხთა გენოციდის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და თურქულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების შეფერხებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ისტორიის პოლიტიზირება. აშშ-ის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია სომეხთა გენოციდის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და თურქულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების შეფერხებას ისახავს მიზნად. ისინი, ვინც ფაქტების იგნორირებით ისტორიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ვერასოდეს მიაღწევენ მიზანს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
12 დეკემბერს აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია სომეხთა გენოციდის შესახებ. მანამდე რეზოლუციას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც დაუჭირა მხარი.
მრავალი ისტორიკოსი და არაერთი ქვეყანა გენოციდად მიიჩნევს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვასა და დეპორტაციას.
თურქეთი კი აცხადებს, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო და ეს მსხვერპლი მოჰყვა სამოქალაქო არეულობას და არა ოსმალეთის იმპერიის მიზანმიმართულ პოლიტიკას სომხების გასანადგურებლად.
სომეხი მოსახლეობის გენოციდის დღედ 1915 წლის 24 აპრილი ითვლება.