"ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კლიპების ავტორმა, იუმორისტმა და ცნობილი "ტელევირის" გამხმოვანებელმა გიგა ნასარიძემ ეჭვი გამოთქვა, რომ ცოცხით პატიმრის გაუპატიურება შეთითხნილი ფაქტია(!). ეს ის შემთხვევაა, რომლის "ბოლო ნამდვილად გვაკვირვებს". სხვა თუ არაფერი, ამ ვიდეოფირის გავრცელების გამო თანამდებობის პირები პანტაპუნტით გადადგნენ.
იუმორისტმა კი საკუთარ გვერდზე მაინც გამოაქვეყნა ვიდეოფირი ტიტრებითურთ, რომ ამ მასალის პირველ და ბოლო კადრში პატიმარს არ ახურავს ერთი და იგივე ჩაფხუტი, არ აცვია ერთი და იმავე ფერის ტანსაცმელი (შეგახსენებთ, პირველ კადრში დგას თავზე ჩაფხუტწამოცმული პატიმარი, რომელსაც შემდეგ ჩამუხლულს აჩვენებენ. ბოლო კადრში კი უფრო ნათლად ჩანს პატიმრის ცოცხით გაუპატიურება. - ავტ.). როგორც ვიდეომასალის გამავრცელებლებმა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას განმარტეს, ფირზე სხვადასხვა პატიმრის წამებაა ასახული. შესაბამისად, რატომ არ აცვიათ ან ახურავთ ერთნაირად, კითხვას აღარ უნდა ბადებდეს. მიუხედავად ამისა, ნასარიძეს ამ ახსნა-განმარტებისა არ სჯერა: "მგონი, ვიდეოფირი გაყალბებულია, მისი ,,ცოცხიანი" ნაწილი მოგვიანებით არის დადგმული და მიმონტაჟებული", - წერს სოციალურ ქსელში.
"კვირის პალიტრა" გიგა ნასარიძეს დაუკავშირდა.
- ეს ვიდეოფირი აშკარად ეჭვს იწვევს და კარგი იქნება, თუ ექსპერტები დაინტერესდებიან.
ევროკავშირის წარმომადგენლები და უფლებადამცველი ორგანიზაციები ასეთ მასალებს ისედაც ლუპით აკვირდებიან.
- არ ვამბობ, რომ ციხეებში ეს საშინელება არ ხდება, არც იმას ვამბობ, რომ ყველა ვიდეოფირი გაყალბებულია და არც იმას, დამნაშავეები სასტიკად არ უნდა დაისაჯონ-მეთქი. მხოლოდ ეს ერთი ვიდეოფირი მეეჭვება. ექსპერტი არა ვარ და არაფერს ვამტკიცებ, ეჭვი გამოითქვა და მეც გავიზიარე...
იქნებ რამდენიმე სხვადასხვა კადრია ერთმანეთზე გადაბმული?
- შესაძლებელია რამდენიმე კადრიც არის გადაბმული, მაგრამ მაშინ პირველი კადრის გავრცელებას რა აზრი ჰქონდა, სადაც ვიღაცები ეკითხებიან ჩამუხლულ პატიმარს, გტკივა თუ არაო. რა სტკივა, რატომ, არ ჩანს. თუ ეს არის ორი სხვადასხვა ვიდეოფირი, მაშინ პირველ კადრში წამება რაში გამოიხატება, იმაში, რომ ჩაფხუტი ახურავს? მეორეშია საშინელი ეპიზოდი და ეს კადრები ერთმანეთზე საგანგებოდ მიმონტაჟებულია(?!).
გჯერათ, რომ პატიმარი თამაზ თამაზაშვილი მართავდა ციხეს?
- რა თქმა უნდა, ციხეს ვერ მართავდა თამაზაშვილი, ეს უტრირებულია, მაგრამ ჰქონდა საშუალება, ვიღაც მოესყიდა. მაგალითად, ეტყოდა ციხის თანამშრომელს, გარეთ ჩემს ნაცვლად გადაგიხდიან ფულს, თუ იმას გააკეთებ, რასაც დაგავალებო. ეს მარტივი სქემაა და არ არის საჭირო დამატებითი ტექსტები...
მაინც რამდენ თანამშრომელს სთავაზობდა ამას თამაზაშვილი, რამდენის მოსყიდვა შეეძლო?
- ბევრის მოსყიდვა შეეძლო პატიმარს, რომელსაც გარეთ ისეთი თანამზრახველი ჰყავდა, ვინც ნებისმიერ თანხას გადაიხდიდა. შეეძლო რამდენიმე ათეული თანამშრომელი მოესყიდა(!).
მაშინ რატომ დაიჭირეს მხოლოდ 11 კაცი? ვიდეოფირში ხომ 30-მდე ციხის თანამშრომელი მაინც ჩანს.
- გამოძიება გრძელდება და, ალბათ, კიდევ დაიჭერენ იმ პირებს, ვისაც კავშირი ჰქონდათ ამ საშინელებასთან.