ალჟირის სასამართლომ ორ ყოფილ პრემიერმინისტრს კორუფციის საქმეზე პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
აჰმედ ოუიაჰიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, აბდელმალექ სელალს კი 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მთავრობის ყოფილი მეთაურები სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის ივლისში დააკავეს.
1962 წელს საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ალჟირის ყოფილი პრემიერმინისტრი ბრალდებულად პირველად ცნეს. ოუიაჰია და სელალი აპრილში თანამდებობიდან გადამდგარი პრეზიდენტის, აბდელაზიზ ბუტეფლიკას მოკავშირეები იყვნენ. მათ გარდა კორუფციის, ფულის გათეთრების, სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით კიდევ 17 ადამიანი გაასამართლეს.
მსჯავრდებულების ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიზირებული უწოდეს და მომხდარი „ანგარიშსწორებად“ შეაფასეს.
ალჟირის დამოუკიდებელმა ეროვნულმა საარჩევნო ორგანომ საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირებული 22 კანდიდატიდან მხოლოდ 5-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ალჟირში საპრეზიდენტო არჩევნები 12 დეკემბერს ჩატარდება. ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა 20-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან 2 აპრილს გადადგა, რის შემდეგაც თანამდებობა დროებით აბდელქადერ ბენსალაჰმა დაიკავა. ბუტეფლიკას გადადგომას წინ მასობრივი საპროტესტო აქციები უძღოდა.