ცნობილია რაზე შეთანხმდნენ „ნორმანდიული ოთხეულის“ ლიდერები სამიტზე

ცნობილია რაზე შეთანხმდნენ „ნორმანდიული ოთხეულის“ ლიდერები სამიტზე

პარიზში გამართულ „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტზე კომუნიკე მიიღეს. ამის შესახებ BBC წერს.

საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერები 3 ძირითად საკითხზე შეთანხმდნენ. მათ შორის არის კონფლიქტის ზონაში ვითარების სტაბილიზაციისთვის ზომების დაუყოვნებლივ მიღება, მინსკის შეთანხმების პოლიტიკური პირობების რეალიზაციისთვის ზომების მიღება და გაგრძელება.

ამასთან, მხარეები აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე წლის ბოლომდე ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

კომუნიკეში დონბასთან მიმართებით მინსკის შეთანხმება საბაზისო დოკუმენტად რჩება. მრგვალ მაგიდასთან განიხილეს ეგრეთ წოდებული შტაინმაიერის ფორმულაც, თუმცა როგორც დასკვინითი პრესკონფერენციისას გახდა ცნობილი, უკრაინაში არჩევნები ისე ჩატარდება, როგორც ამას ქვეყნის კონსტიტუცია ითვალისწინებს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ეუთოს მისიის მონიტორინგი ცეცხლის შეწყვეტაზე არა 12-საათიანი, არამედ 24-საათანი უნდა გახდეს. საუბარი ტყვეების გაცვლასაც შეეხო. შემდეგი შეხვედრა ნორმანდიული ოთხეულის ფარგლებში 4 თვეში გაიმართება.

„ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებით კმაყოფილია. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.