ორგანიზატორების თქმით ჰონგ-კონგში აქციაზე 800 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა

ორგანიზატორების თქმით ჰონგ-კონგში აქციაზე 800 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა

ჰონგ-კონგში ხელისუფლების მიერ სანქცირებული საპროტესტო მანიფესტაციაში ორგანიზატორების განცხადებით, 800 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, პოლიცია კი ამბობს, რომ დემონსტრაციაზე 183 ათასი ადამიანი გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამართალდამცავი ორგანოს თქმით, დღევანდელ აქციაზე 11 ადამიანი დააკავეს და იარაღი ჩამოართვეს.

შაბათს გავრცელებულ განცხადებაში, ხელისუფლებამ საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ "ისწავლეს გაკვეთილი და თავმდაბლად მოუსმენენ და მიიღებენ კრიტიკას".

მანიფესტაციის დასრულების შემდეგ კი ხელისუფლებამ თქვა, რომ ის ჰონგ-კონგის სიღრმისეული პრობლემების მოგვარებას დიალოგის გზით ელოდება.

რაც შეეხება მსვლელობის ორგანიზატორებს, მათი განცხადებით, ეს არის ხელისუფლების უკანასკნელი შანსი, შეასრულოს მომიტინგეთა მოთხოვნები, გაათავისუფლოს აქციების დროს დაკავებულები და თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს.

ჰონგ-კონგში მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა.

მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, თუმცა დემონსტრაციები არ წყდება. აქციის მონაწილეები დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.

ჰონგ-კონგის თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც 24 ნოემბერს ჩატარდა, პროდემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვეს.