არგენტინაში მექსიკის ელჩს წიგნის ქურდობაში ადანაშაულებენ

არგენტინაში მექსიკის ელჩს წიგნის ქურდობაში ადანაშაულებენ

არგენტინაში მექსიკის ელჩი ოსკარ რიკარდო ვალერო, რომელსაც ბუენოს-აირესის ერთ-ერთი მაღაზიიდან წიგნის ქურდობაში ადანაშაულებენ, სამშობლოში დაბრუნდება. ამის შესახებ Twitter-ზე მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარსელო ებრარდი წერს.

„ეთიკის კომიტეტს ვთხოვე, შეესწავლა ინციდენტი, რომლის მიხედვითაც არგენტინაში ჩვენს ელჩს წიგნის ქურდობაში ადანაშაულებენ. ამ ეტაპზე ელჩს სამშობლოში დაბრუნება ვურჩიე. თუ ვიდეოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდება, ის თანამდებობას დატოვებს“, - წერს ებრარდი.

სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, რომ 76 წლის დიპლომატმა წიგნის მაღაზია El Ateneo-ში დახლიდან ჯაკომო კაზანოვას ბიოგრაფია აიღო და გაზეთის ქვეშ მაღაზიიდან მისი გატანა სცადა. ელჩი დაცვის თანამშრომლებმა დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ვალერო არგენტინაში მექსიკის ელჩად მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა. ჯაკომო კაზანოვას ბიოგრაფია, რომლის მოპარვასაც ის ცდილობდა, 750 არგენტინული პესო (12 დოლარი) ღირს.