Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკის მიერ ბრიტანელი მყვინთავისთვის, ვერნონ ანსუორტისთვის „pedo guy“-ს (პედოფილი) წოდების გამო ლოს-ანჯელესის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
5 ქალისა და 3 კაცისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მასკს თავისი განცხადებით ანსუორტის რეპუტაცია არ შეულახავს. მყვინთავი ვერნონ ანსუორტი 75 ათასი დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვდა.
მყვითნავის ადვოკატის, ლინ ვუდის განცხადებით, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი საზოგადოებისთვის კარგი გადაწყვეტილება არაა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერს შეუძლია რამეში დაგადანაშაულოთ და მას ამისთვის არაფერი მოუვა“, - განაცხადა ვუდმა. თავად ანსუორტის თქმით, ის პატივს სცემს სასამართლო განაჩენს, თუმცა სულ სხვა შედეგს ელოდა.
2018 წლის 23 ივნისის შემდეგ ტაილანდის გამოქვაბული მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ.
2 ივნისს ისინი აშშ-ისა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით ცოცხლები იპოვეს.
ილონ მასკმა ბავშვებისა და მწვრთნელის გამოსაყვანად მათ სუბმარინი (წყალქვეშა ნავი) შესთავაზა, თუმცა სამაშველო კოორდინირებულმა ცენტრმა მის გამოყენებაზე უარი თქვა. 10 ივლისს, გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 მოზარდისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
14 ივლისს ბრიტანელმა მყვინთავმა ილონ მასკს ტაილანდის მღვიმისთვის შექმნილი სუბმარინის გამო დასცინა. ამის პასუხად კი მასკმა Twitter-ზე დაწერილ პოსტში მას „პედოფილი“ უწოდა.