„ისეთი კრიტიკული მდგომარეობა არ არის, რომ „ოცნებამ“ კრიზისებს ვერ გაუძლოს და 2020 წლის არჩევნებს ვერ მიატანოს“

„ისეთი კრიტიკული მდგომარეობა არ არის, რომ „ოცნებამ“ კრიზისებს ვერ გაუძლოს და 2020 წლის არჩევნებს ვერ მიატანოს“

აკაკი ზოიძის მიერ მმართველი პარტიის დატოვება და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება დომინოს პრინციპით გადაეცემათ თუ არა სხვა დეპუტატებს?! ხომ არ არის იმის მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ ასეთ კრიზისებს ვერ გაუძლებს, დაიშლება და 2020 წლის არჩევნებამდეც ვერ მიატანს?!

აკაკი ზოიძე ირწმუნება, რომ „ოცნებიდან“ წასვლის პროცესი დასრულებულია და, ვინც წასასვლელი იყო, ან პოლიტიკიდან წავიდა, ან საპარლამენტო უმრავლესობიდან. მისი აზრით, „ოცნებამ“ აუნაზღაურებელი დანაკლისი მიიღო არა იმდენად პირადად მისი, არამედ სხვა კოლეგების წასვლით, რადგან ის მრავალფეროვნება, რაც ჰქონდა „ოცნებას“, შემცირდა.

სადამდე გაგრძელდება „ოცნებიდან“ გადინების პროცესი?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს ისეთი კრიტიკული მდგომარეობა არ არის, რომ „ოცნებამ“ კრიზისებს ვერ გაუძლოს და 2020 წლის არჩევნებს ვერ მიატანოს. „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე მიატანს, თუ „ნაცების“ სცენარი არ განვითარდა და სიტუაცია ძალადობის რეჟიმში, ანუ სამოქალაქო არეულობაში არ გადაიზარდა.

„უმრავლესობის დაშლას არ ველი. სავარაუდოდ, „ქართული ოცნებიდან“ წამსვლელთა რიცხვი აღარ მოიმატებს, არა მგონია, ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდეს. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ვინც წასასვლელი იყო „ოცნებიდან“, უკვე წავიდა, სადღაც 90-მდე დეპუტატი ჰყავთ კიდევ, 76-ზე მეტი უნდა იყოს და არა მგონია, კიდევ ათი კაცი წავიდეს. აკაკი ზოიძემ ახსნა, რატომაც წავიდა. მან მოითხოვა პლებისციტი, ან რეფერენდუმი არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. ცხადია, რეფერენდუმს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვერ ვატარებთ, პლებისციტს კი მმართველი გუნდი არ დასთანხმდა. ზოიძის გასვლა დანაკლისია „ოცნებისთვის“, ნებისმიერი წევრი, რომელიც გავა და დატოვებს უმრავლესობას, ცხადია, დანაკლისია მმართველი გუნდისთვის, მაგრამ არა მგონია, ზოიძის წასვლა გადამდები იყოს და სხვებმაც მას მიბაძონ. ეს ახალი პროცესი არ ყოფილა, ეს იყო პროპორციული სისტემის ჩავარდნის პროცესის გაგრძელება“,-მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუ ხელისუფლებას ამ ეტაპზე ხელს აძლევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ეს მთლიანად ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული და ოპოზიცია არაფერ შუაშია.

„ოპოზიცია ვერაფერს იზამს იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. მე გამოვრიცხავ ასეთ პროგნოზს, რომ უმრავლესობაში 76 კაცი არ დარჩება და უმრავლესობა დაიშლება. ასეც რომ მოხდეს და დაიშალოს უმრავლესობა, ეს არ ქმნის საფრთხეს იმისას, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს და პარლამენტი დაითხოვონ. პარლამენტის დათხოვნის პროცედურები გაწერილია კონსტიტუციაში - პარლამენტმა მთავრობა არ უნდა დაამტკიცოს და შემდეგ თვითონ ვერ უნდა შექმნას მთავრობა, ან მთავრობამ ნდობის მანდატი უნდა მოსთხოვოს პარლამენტს. სხვაგვარად რიგგარშე არჩევნები ვერ დაინიშნება. ამიტომ ვადამდელი არჩევნები ოპოზიციის აქტიურობაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ დამოკიდებულია იმაზე, ხელისუფლება ჩათვლის თუ არა საჭიროდ, ახლა ურჩევნია არჩევნების ჩატარება თუ შემოდგომაზე“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

რაც შეეხება აკაკი ზოიძის წასვლას, პოლიტოლოგი განმარტავს, რომ ზოიძე წავიდა პარლამენტიდან, მაგრამ პარლამენტში შევა ის, ვინც სიით არის შემდეგი და, სავარაუდოდ, ზოიძის შემცვლელი არ წავა პარლამენტიდან. აკაკი ზოიძეს პარლამენტის მანდატი რომ არ დაეტოვებინა, ისე გასულიყო „ოცნებიდან“, რომ ისევ პარლამენტში დარჩენილიყო, სულ სხვა სურათი გვექნებოდა, მაგრამ, რაკი მან მანდატი დატოვა, იმ მანდატს „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრი აიღებს და სულაც არ წავა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, როგორც ჩანს, აკაკი ზოიძეს პიროვნული შეხედულებები აქვს და ამ შეხლა-შემოხლასა და გაწამაწიას არჩია, პოლიტიკურ დაპირისპირებას გარიდებოდა.

„ქართული ოცნება“ რა სახით მიაღწევს 2020 წლის არჩევნებამდე, ეს არის მთავარი სოსო მანჯავიძისთვის და არა ის, საერთოდ მიაღწევს თუ არა არჩევნებამდე „ოცნება“. თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო პატარავდება. ამიტომ, თუ დროზე არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ძალიან მძიმე პროცესები განვითარდება დამატებით.

„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრის, აკაკი ზოიძის წასვლის შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს „ოცნებიდან“ გადინების პროცესი. გიორგი კვირიკაშვილის მიერ წამოყენებული „წიწამურელები“ რომ მთლიანად დატოვებდნენ „ოცნებას“, ეს ისედაც გასაგები იყო ჯერ კიდევ 2016 წლიდან მოყოლებული“,-აცხადებს სოსო მანჯავიძე.

 

 

 

Serapina ბმული
4 წლის უკან
Maverick ბალასტი იკლებს ოცნების დირიჟაბლზე.
ზოიძის "ბრძნულმა" კანონებმა თამბაქოს და სიგარეტის ბიზნესს ჩააკუკა, უთხრეს გაისად სიაში არ იქნებიო და ნაცური პრიომი გაიმეორა...
4 წლის უკან