თბილისის „დინამოს“ ადრინდელი შემადგენლობის ყველა ფეხბურთელი თავისებურად ნიჭიერი მოთამაშე იყო, მაგრამ ისინი, ახლანდელთა უმრავლესობიდან განსხვავებით, ფეხბურთს მიღმაც ამჟღავნებდნენ ნიჭს - ზოგმა, იმ დროისთვის უჩვეულოდ, უცხო ენები იცოდა, ერთი ჭადრაკს თამაშობდა კარგად, მეორეს „ქალების შებმა“ ხელოვნებამდე ჰყავდა მიყვანილი, ერთი ნაკითხი იყო, მეორეს ამბების მოყოლა, დაახლოებით, მსახიობის დონეზე შეეძლო და, ბუნებრივია, ოინბაზობაშიც ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს.
ჰოდა, ერთ-ერთი უცხოური შეკრების დროს მორიგი ოინი გამოცხვა და მისი „ორგანიზატორები“, როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა, აწ განსვენებული დავით ყიფიანი და ამ მოწვევის პარლამენტის წევრი, ვლადიმერ გუცაევი იყვნენ.
ერთ-ერთი სტაჟიანი დინამოელი „კაპიტალისტური სამყაროს დამპალი ნაწარმით“ გამოტენილ მაღაზია-ბუტიკებს ჩამოჰყოლია და დაახლოებით ერთ საათში უკან მობრუნებულს, ყიფიანისა და გუცაევისთვის უთხოვია: ინგლისური იცით, ერთ მაღაზიაში კარგი კოსტიუმი ვნახე და წამომყევით, მაყიდვინეთ, თან დაელაპარაკებით, ეგება, დააკლებინოთ ფასიცო...
ისინიც გაჰყოლიან და... როგორც კი ბუტიკში შესულან, ერთი კი გადაუხედიათ ერთმანეთისთვის და აბა, ჩვენო ძმაო, რომელი ჩასაცმელი მოგეწონა, გვითხარი და ვივაჭრებთო.
გამყიდველს მოწონებული კოსტიუმი შეუთვალიერებია და რომელი ზომა გნებავთ, მითხარით, ფული გადაიხადეთ და შეგიფუთავთო.
ეუბნებიან, რომ აი, ამ კაცის ზომა შეგვიხვიეთო. აშკარად გაკვირვებულმა გამყიდველმა დააზუსტა: - გინდათ თქვათ, რომ ამ კაცის ზომისა შევახვიო?
- ჰო, ჰო, - აგრძელებენ ყიფო და გუციკა, ზუსტად ამ კაცის ზომისა გვინდაო, - ხელებიც კი გააშლევინეს მყიდველს.
სანამ იგი მიმკლავსა და განმკლავშია გართული, ფასიც დააზუსტეს - სასაცილოდ მცირე თანხაა გადასახდელი.
გახარებულმა დინამოელმა, ღმერთმა აგაშენათ, რა იაფად მაყიდვინეთ ეს კოსტიუმი, ბარემ ფეხსაცმელებსაც შევიძენო და თანაგუნდელების რჩევით, ისეთი თეთრი „ტუფლები“ შეიძინა, თვალს ვერ მოსწყვეტდი კაცი - მოკლედ, კმაყოფილია ნავაჭრით, მეტი რომ არ შეიძლება ისე.
გავიდა კარგა ხანი, „დინამო“ სამშობლოში დაბრუნდა და ერთ დღესაც, წვიმიან ამინდში, ახალი კოსტიუმისა და „ტუფლების“ პატრონ თანაგუნდელთან გუცაევის ზარი გაისმა:
- გოგონების კამპანიაში ვარ და მინდა დაგპატიჟო, ჩაიცვი, გაემზადე და მანქანით გამოგივლიო.
რაღა გავაგრძელოთ, მოლოდინისამებრ, იმ კაცმა თავისი „ფირმა“ რაღაცეები ჩაიცვა და შენი მანქანა არ მინდა, ჩემით მოვალ სადაც მეტყვიო.
შეთანხმდნენ, გაზიზინებულ კოსტიუმსა და თეთრ ფეხსაცმელებში გამოწყობილი კაცი გარეთ გამოვიდა, გარაჟამდე მირბენა სცადა და...
აღმოაჩინა, რომ ტრუსისა და წინდების ამარა იდგა გარაჟის წინ.
ადვილი მისახვედრია: იაფი შარვალი, კოსტიუმი და ფეხსაცმელი მიცვალებულთათვის განკუთვნილ დაწესებულებაში შეუძენიათ და სინამდვილეში მუყაოსი თუ რაღაც ამგვარი ერთჯერადი მასალისგან დამზადებული ყოფილა.