აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტის მიზნით ბრალდებას წარუდგენს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსიმ შესაბამის დოკუმენტაციის მომზადებას პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჯერი ნედლერს დაავალა.
„დღეს ჩვენს თავმჯდომარეს იმპიჩმენტის სტატიების შედგენის პროცედურის დაწყებას ვთხოვ“, - განაცხადა პელოსიმ. მისი თქმით, ამერიკაში კანონზე მაღლა არავინ დგას, პრეზიდენტმა კი ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა.
პელოსის განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე კომენტარი თავად ტრამპმა გააკეთა. მან დემოკრატებს Twitter-ზე მიმართა. „თუ ჩემი იმპიჩმენტი გინდათ, ეს სწრაფად გააკეთეთ, სენატში სამართლიანი სასამართლო რომ გვქონდეს და ჩვენი ქვეყანა საქმეს რომ დაუბრუნდეს“, - დაწერა პრეზიდენტმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. ამის მიზეზი ტრამპი-ზელენკის სატელეფონო საუბარი გახდა.
დემოკრატებმა ივარაუდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა. საჯარო მოსმენების ფარგლებში, კონგრესს ჩვენება 12-მა მოწმემ მისცა. 4 დეკემბერს კი წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ 300-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა.