გაერთიანებულმა ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა. 30 ოპოზიციური ძალის ავტორობით შექმნილი კანონპროექტი გულისხმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს შერეული სისტემით.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განმარტებით, ეს არის პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს. მასში გათვალისწინებულია გერმანული პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ყველა პარტია ისე იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, რა პროპორციის ხმებსაც მიიღებს მოსახლეობისგან და ასევე, გულისხმობს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს.
„ახლა ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა და მათ თუ სურთ ამ ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა, ეს არის გამოსავალი. გათვალისწინებულია გერმანული პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ყველა პარტია ისე იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, რა პროპორციის ხმებსაც მიიღებს მოსახლეობისგან. ცვლილებები ასევე გულისხმობს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებსაც“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
კანონპროექტის ავტორის რომან გოცირიძის განცხადებით, თუ ხელისუფლებამ კვლავ უარი თქვა, მაშინ ცვლილებები განხორციელდება ხალხის ძალით. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტი ე.წ. გერმანული მოდელის პრინციპზეა აგებული.
„ყველანაირი, როგორც სამართლებრივი ასევე მორალური საბაბი ეცლება „ქართული ოცნების“ უმრავლესობას, რომ არ დაიწყოს მასზე მსჯელობა. ეს წავა ეუთოში და ოდირში, ამ დოკუმენტზე დასკვნის მიღების შემდეგ, თუ მათ კვლავ უარი თქვეს დაპირებულ ცვლილებებზე, მაშინ ეს ცვლილებები განხორციელდება ხალხის ძალით. არ უნდათ საპარლამენტო გზით სამართლიანი არჩევნების მიღება, მივაღებინებთ სამართლიან არჩევნებს ასევე კონსტიტუციური და კანონიერი გზით, არ შეწყდება საპროტესტო აქციები“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
მაშინ, როდესაც 30 ოპოზიციური ძალის ავტორობით შექმნილი კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა, ერთ–ერთი ავტორი ნინო ბურჯანაძე შეხვედრებს მოსკოვში მართავს. „შენების“ მოძრაობის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პრობლემას ვერ ხედავს საარჩევნო სისტემის საკითხზე ერთად მსხდომი პარტიების ლიდერები ხვალ რომელი მიმართულებით გაფრინდებიან თბილისიდან და საიდან ჩამოფრინდებიან ზეგინდელ შეხვედრაზე.
„მთავარია, რომ პროპორციული, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში ერთიანი ვართ. ამაში, რომ ერთიანი გავხდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთიანი გავხდით – ბრიუსელსა თუ მოსკოვშია სწორი სიარული. არ ვამბობ, რომ მოსკოვში ვიზიტებში პრობლემას ვერ ვხედავ, ამას ვხედავდი და ახლაც ვხდავ, მაგრამ სამართლიანი არჩევნების მიღწევის საკითში ჩვენი ერთობისთვის ამას პრობლემად არ ვთვლი. ქალბატონმა ნინომ, ჩემი მოსაზრება იცის იმის თაობაზე, რომ მე ამ ვიზიტებს შედეგიანად და საჭიროდ არ ვთვლი. არც ადრე ვთვლიდი და არც ახლა ვთვლი. როდესაც ქალბატონმა ნინომ თქვა, რომ წასვლას აპირებდა, ჩემი აზრი მოვახსენე, მაგრამ როგორც ადრე, არავის და ვერავის დავიჭერდი, საკუთარი პასუხისმგებლობით ნაბიჯების გადადგმას წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი და არც ახლა ვთვლი, რომ სწორია ჩვენ ერთმანეთს რაიმე შეზღუდვები დავუწესოთ. მე არ ვთვლი, რომ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გაფრენა ან მანამდე შალვა ნათელაშვილის ვაშინგტონში გაფრენა ან ვიღაცის არსად გაფრენა და ზუგდიდში ჩასვლა, რაიმე პრობლემას ქმნის“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
ასე არ ფიქრობს თბილისის მერი, რომლის განცხადებით, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი მოსკოვში „გერმანული მოდელის“ ჩამოსატანად არის წასული. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ახლა ბურჯანაძეს უნდა დაველოდოთ. აქვე კალაძემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ყველანაირ ძალადობასა და დაპირისპირებას ემიჯნება.
„კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, ყველანაირ დაპირისპირებას. ეს არ არის ნორმალური ფორმა, რაც არ უნდა დესტრუქციული იყოს ოპოზიცია, ჩვენ არ უნდა შევიდეთ დაპირისპირებაში. ყველაზე მეტად ვისაც დღეს დაპირისპირება აწყობს, ეს არის ოპოზიცია და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციებს ახორციელებენ.
არავის არ გამოუვა არც დამხობა და არც გადატრიალების მოწყობა ქვეყანაში. ვინც გასცდება კანონის ჩარჩოებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, ჩვენი ქვეყანა განვითარდება, ჩვენი ქალაქი წინ წავა, რაც აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ვიცე–სპიკერის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოში არსებულ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და ეს ოპოზიციისთვის კარგადაა ცნობილი. გია ვოლსკის განცხადებით, საზოგადოებას თავს ახვევენ მოსაზრებას, თითქოს აღნიშნულ საკითხზე მთავრობას ხისტი პოზიცია აქვს. ვოლსკი მიიჩნევს, რომ რამდენიმე ადამიანს რევოლუციური მოდელი აქვს გეგმაში, ხოლო დანარჩენები სატელიტური დანამატები არიან.
„თავადაც კარგად იციან, რომ ეს მოდელი ვერანაირად ვერ იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. თან რაოდენობრივად ბევრნი იკრიბებიან და მოსაზრებას, რომ თითქოს მთავრობას ხისტი პოზიცია აქვს, თავს ახვევენ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვადასხვა უკანონო აქციისას იყენებენ.
მათ შორის მცოდნე ადამიანები არიან, რომლებმაც გამორიცხულია, რომ არ იცოდნენ ამ მოდელების კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შესახებ. მაინც ვფიქრობ, რომ რამდენიმე ადამიანს რევოლუციური მოდელი აქვს გეგმაში და დანარჩენები სატელიტური დანამატები არიან, რომლებიც ჩართულები არიან ამ ბრძოლაში“, – აცხადებს გია ვოლსკი.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, მტკიცება, რომ „გერმანული მოდელი“ შეესაბამება კონსტიტუციას, არის ოპოზიციის მცდელობა მხარდამჭერებთან, რომ სახე შეინარჩუნონ.
„ეს დიპლომატიური კორპუსის მიერ ორგანიზებულ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე დადასტურდა. შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ელჩები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ვენეციის კომისია, კარგად გამოჩნდა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. ჩემი აზრით, მას შემდეგ რაც ამ შეხვედრაზე ყველაფერი აშკარად გამოჩნდა, არის ოპოზიციის ამ ნაწილის მცდელობა, რომ თავის მხარდამჭერებთან, ვინც გამოიყვანეს და ქუჩაში დააყენეს, გარკვეულ წილად სახე შეინარჩუნონ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.