მიშიზაცია თუ დემიშიზაცია?! დაიღალა თუ არა საზოგადოება 7-წლიან რეჟიმში ერთი და იმავე შეძახილების -„არა მიშას, არა კასრებს, არა ცოცხებს“ მოსმენით?! მოაბეზრეს თუ არა ხალხს თავი წარსულში ჩარჩენილმა „ნაცებმა“ და წარსულისგან დისტანცირების მოსურნე „ევრონაცებმა“ თავიანთი მონოტონური შეფასებებით - „უნიათო ქოცები, პრორუსი ივანიშვილი“?! რის მოსმენა სურს ელექტორატს ახალი ძალებისგან და ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ეს ორი ძალა?! ამის შესახებ For.ge-ს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ესაუბრა.
ვისაც 90-იანი წლები გამოუვლია, მას არ მოეწონება ის, რაც ჩვენს დედაქალაქსა და რეგიონებში ხდება, რადგან ასეთი ქაოსი სამოქალაქო დაპირისპირების ელემენტებს შეიცავს. კონფრონტაციის აცილება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა. რა შეცდომას უშვებს ხელისუფლება და ოპოზიცია და უფრო რთულად ხომ არ განვითარდება მოვლენები?
- ზოგადად, არც ხელისუფლებას და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსახლეობის მხარდაჭერა არ გააჩნია, მაგრამ მათ ხელისუფლებაში ყოფნის ძალიან დიდი სურვილი აქვთ. ამის გამოძახილია ის, რაც ჩვენს ქუჩებში ხდება. ხელისუფლებაში შეიძლება იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის მხარდაჭერა გაგაჩნია. ასეთი მხარდაჭერის არქონის შემთხვევაში ყოველთვის არის მცდელობა, ერთმანეთთან მაქსიმალურ დაპირისპირებაში შევიდნენ იმ მცირე ძალებით, რომლებიც მათ ჰყავთ ერთგული ყმების სახით და ამით ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება. პრაქტიკულად, მთელი სივრცე გაჯერებულია „ქართული ოცნებით“, „ნაციონალებით“ და „ევროპული საქართველოთი“. ყველაფერზე წამსვლელნი არიან ეს ადამიანები ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, ან ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ამიტომ ვთვლი, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების გააქტიურება, იმ ხალხის აქტიურობა, რომელსაც არ მოსწონს არც ერთი მხარე და არც მეორე მხარე. უნდა დაფიქსირდეს, რომ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, მოთმინება იქიდან გამომდინარე, რომ რადგანაც ერთხელ უკვე მოხდა ჩვენს ქვეყანაში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, ეს ტრადიცია უნდა დამკვიდრდეს. უნდა შევეცადოთ და ვისწავლოთ არჩევნებიდან არჩევნებამდე მისვლა. ხელისუფლებაში ვინც იქნება, მან უნდა გაითვალისწინოს, თუ ის კარგავს ხალხის მხარდაჭერას, მაშინ არჩევნების დროს უნდა დათმოს ხელისუფლება. სხვანაირად ყოველთვის ვიდგებით იმ ხიფათის წინაშე, რომ სამოქალაქო დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდოს.
თუკი შევჯერდებით იმაზე, რომ „ნაცებსაც“ და „ქოცებსაც“ აწყობთ კუნთების თამაში, მთელი თავისი საპროტესტო აქციებით, კონტრაქციებით, ოფისებთან მივარდნებით, მაშინ რა გამოდის, რომ მესამე ძალისთვის გზის გადაღობვას აპირებს ეს ორი ძალა ასეთი აგრესიული ტაქტიკით? სად არის ეს მესამე ძალა? თქვენ გსურთ, ამ ძალის ნიშა დაიკავოთ?
- ჩემი აზრით, ტერმინი „მესამე ძალა“ არ არის სწორი, რადგან ეს ორი ძალა - „ნაცები“ და „ქოცები“ დესტრუქციულნი არიან და ორივე ძალა უნდა გაქრეს. ქვეყანას სჭირდება ჯანმრთელი ძალა და მოდელი განვითარების, რომელიც დღეს პრაქტიკულად არავის გააჩნია, ვერც ვერავინ სთავაზობს ხალხს სიახლეს. ჩვენ ვისმენთ მხოლოდ გაცვეთილ ფრაზებს - პროდასავლური ღირებულებები, საბაზრო ეკონომიკა, ყველა ერთსა და იმავეს იძახის და ვხედავთ, რომ თურმე არც პროდასავლურობაშია პრობლემა და არც საბაზრო ეკონომიკის დეკლარირებაში, ამით ქვეყანა წინ ვერ მიდის, ქვეყანა მიდის უკან. ეს იმის მანიშნებელია, რომ თვითონ ეს მიდგომები და ლოზუნგები არ არის საკმარისი. რეალურად, აბსოლუტურად სხვა მოდელია შესათავაზებელი, რომელიც ქვეყანას დაეხმარება განვითარებაში და სტაბილურობის განცდას შექმნის. ერთი რამ გვავიწყდება, რომ ყველა ადამიანი დაბადებიდან თანაბარუფლებიანია, ასე ვიზრდებოდით ჩვენ და უფალიც ამას ამბობს, ყველანი ერთნაირები ხართო. სამწუხაროდ, დღევანდელ მოცემულობაში ყველა ცდილობს, წარმოაჩინოს, თითქოს ვიღაცაზე გამორჩეულია. განსაკუთრებით, ეს ეხება თანამდებობრივად და არა გონებრივად წარმატებულ ადამიანებს. ჩვენთან თანამდებობებს მორჩილი ადამიანები, კარგად მორგებული ე.წ. კარიერისტები იკავებენ და შემდეგ ისინი ცდილობენ, ამ პირამიდული სისტემის დაკომპლექტებას უფრო მორჩილი ადამიანებით. პირამიდულ სისტემაში გონიერი ადამიანებისთვის ადგილი არ არის. ამის ნათელი მაგალითია გინდაც „ქართული ოცნება“, გინდაც „ნაციონალური მოძრაობა“.
რაც შეეხება ჩვენს ნიშას პოლიტიკაში, ჩვენ გვაქვს მოდელი, რომელიც გვინდა შევთავაზოთ საზოგადოებას. პირველ რიგში, იმიტომ ვემიჯნებით და ვეწინააღმდეგებით „ნაციონალებსა“ და „ოცნებას“, რომ მათ დაკავებული აქვთ მთელი სივრცე, ატარებენ თავიანთ უმსგავსო საარჩევნო კამპანიას და ჰგონიათ, ამას ვერ ვხვდებით. ჩვენ ვაპირებთ რამოდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან საუბარს, რათა ჩვენი განსაკუთრებული მიმართვა მოსახლეობას გავუჟღეროთ, რომ არ შეიძლება ამ ნარატივით ცხოვრება, როცა ერთი ძალა მეორეს 9 წელს ახსენებს, მეორე ძალა კი 7 თუ 8 წელს ახსენებს. ჩვენ წლების მათემატიკა არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ცხოვრება, ცხოვრება გადის, მთელი თაობაა გავლილი, რომელიც სიდუხჭირისთვისაა გამზადებული, ამ ქვეყანაში ვალი გაიზარდა და, ვინც შეძლებს ხალხს ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალი შესთავაზოს, ის იქნება ზუსტად ამ ქვეყნის მომავლის დასაყრდენი პოლიტიკური ძალა. ჩვენ გვგონია, რომ ამას შევძლებთ.
დასავლეთი მიეჩვია, რომ „ნაცები“ და „ქოცები“ ეს ორი მთავარი მოთამაშე გამუდმებით ითხოვს მათგან პოლიტიკურ შემწეობას, ითხოვს ლობისტებს, ხარჯავს ფულს დასავლეთში... მესამე ძალა როგორ გაარღვევს ამ სივრცეს და როგორ მოახერხებს დასავლეთშიც საკუთარი წონის შეძენას? ამას ხომ ფინანსები, ლობისტები სჭირდება?
- მე ვფიქრობ, ყველაფერი სტანდარტული რაც არის, უნდა შეიცვალოს. დასავლეთი პატივს სცემს და აღიარებს მათ, ვისაც ხალხის მხარდაჭერა გააჩნია, სწორედ მათთან იწყებენ თანამშრომლობას და მათ ეს ღირებულებები იციან. ჩვენი ფულითა და მოქრთამვით დასავლეთს ვერ გავაკვირვებთ, პირიქით, ფულს ისინი გვაძლევენ დემოკრატიის განვითარებისთვის. ზუსტად დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას ახდენენ ეს ძალები („ნაციონალები“ და „ოცნება“), რადგან ყველაზე მთავარი, რაც დასავლეთშია, დაკარგულია. თავისუფლების ღირებულებაა დაკარგული ამ ქვეყანაში და ყველაფერ ნეგატიურის მიწებებას ცდილობენ დასავლეთისთვის. რეალურად, დასავლეთი არის ცივილიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებებზე, ადამიანის კარგად ცხოვრებაზეა დაყრდნობილი, ჩვენ კი უკან წავედით, ხალხს არათუ მომავლის იმედს არ ვუჩენთ, არამედ ყველა წარსულში იქექება. განსაკუთრებით, ეს უფროს თაობას ეხება, რომელმაც ღირსეული ცხოვრება დაკარგა. უფროსმა თაობამ ამ ცხოვრებაში, ანუ ე.წ. დამოუკიდებელ ცხოვრებაში ღირსეული ცხოვრება, ღირსეული პენსია დაკარგა. ჩვენთან არავის ნაშრომს დაფასება არ აქვს, ახალგაზრდა იზრდება მხოლოდ ლოზუნგებით და არა ღირებულებებით, რადგან ღირებულება აცდენილია იმ ლოზუნგებს, რომელსაც ქადაგებენ. ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს. არ მოვიპაროთო, იძახიან, მაგრამ კორუფცია, ნეპოტიზმია ყველგან, სადაც კი გაიხედავ. როგორ შეიძლება, ამ ქვეყანაში ან კორუფცია არ დაინახო, ან ნეპოტიზმი არ დაინახო. ახალგაზრდების ამ ქვეყნიდან გადინების ყველაზე დიდი პრობლემა რატომ დგება? რადგან ახალგაზრდები, ვისაც რამის კეთება შეუძლია, ამ ქვეყანაში თავის მომავალს ვერ ხედავენ. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული.
30 წლის განმავლობაში მივეჩვიეთ, რომ პოლიტიკაში მოდის ყველა, ვისაც პირადი გამორჩენის ინტერესი აქვს. თქვენმა გუნდმა როგორ უნდა შემოიკრიბოს ისეთი ადამიანები, რომლებსაც ასეთი ინტერესი არ ექნება?
- ამის შესახებ მინდა გითხრათ, რომ ნობელის პრემიის ლაურეატმა, ცნობილმა ეკონომისტმა იოსებ სტიგლიცმა საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც პროგრესულ კაპიტალიზმზე ლაპარაკობს, სტიგლიცი მივიდა იმ დასკვნამდე და მას პირდაპირ აქვს მითითებული, რომ პოლიტიკიდან ფული თუ არ გავა, მანამ სიკეთე არ იქნება; ანუ მოდელი-„ერთი დოლარი-ერთი ხმა“ უნდა გავიდეს პოლიტიკიდან. საზოგადოება უნდა გათანაბრდეს, რაც უფრო დიდი უთანასწორობაა საზოგადოებაში, მით უფრო დიდი სიდუხჭირეა. ამისკენ უნდა წავიდეთ ჩვენ, ზოგადად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტრიალდება ტრენდი და ადამიანები უკვე ხვდებიან, რომ არ შეიძლება შენ იყო ბედნიერი, როცა გარშემო ყველა სიდუხჭირეშია. ჩვენ, ქართველები, განსაკუთრებით, ამ ქალაქში გაზრდილები, ამ სახელმწიფოში გაზრდილები, ერთმანეთის პრობლემის მიმართ ძალიან გულჩვილები ვიყავით, ყოველთვის გულთან მიგვქონდა სხვისი გასაჭირი და ვცდილობდით, ერთმანეთს გვერდში დავდგომოდით. ახლაც ეს ჩვენი ეროვნული ტრადიცია თუ გადაგვარჩენს. თუ ამ ქვეყნის განვითარების იდეოლოგია იქნება, რომ ჩვენ ერთმანეთის ძმები ვართ და არა ერთმანეთის მტრები, მაშინ ყველა სიძნელეს გადავლახავთ. არა მგონია, გაუცხოებულნი ვიყოთ, შინაგანად ყველას ერთმანეთი ისევ გვიყვარს, უბრალოდ, რატომღაც სირცხვილი გახდა სიკეთის კეთება და გვერდში დგომა. რატომღაც ბოლო პერიოდში უფრო პოპულარული გახდა მგლური ცხოვრების წესების დეკლარირება. ეს არ არის ჩვენი სტილი, ეს ჩვენი ეროვნული ხასიათიდან არ გამომდინარეობს, ამიტომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობას. ის ადამიანები, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებასა და ფსევდო ოპოზიციაში, ერთმანეთში გადახლართულნი არიან. გინდაც „ქართული ოცნება“ დავუძახოთ მათ და გინდაც „ნაციონალური მოძრაობა“, ისინი 2007-ში, 2008-ში ერთად იყვნენ. ამ ადამიანებს ასეთი ცხოვრების დამკვიდრებისთვის ჩვენი საზოგადოება იმ ადგილს მიუჩენს, რაც მათ ეკუთვნით.
სტიგლიცი ერთ-ერთი იშვიათი ნობელის პრემიის ლაურეატია უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე, რომელიც არის ნეოკეინსიანელი და არ არის თავისუფალი ეკონომიკის მიმდევარი. თავის გამონათქვამში ის გულისხმობს, რომ უნდა შეიცვალოს ვითარება, როდესაც დიდი ბიზნესი ერთპიროვნულად მართავს ქვეყნებს და ნსოფლიოს. შედეგად გვაქვს, რომ ღარიბები ხდებიან უფრო ღარიბები და მდიდრები უფრო მდიდრები., როგორც ქვეყნები, ისე ადამიანები.
დასავლეთში, სანამ მოვიდოდნენ რეიგანი და თეტჩერი, იყო საყოველთაო კეთილდღეობის საზოგადოება და დიდი ბიზნესის გავლენა ბიზნესზე მცირე. მას შემდეგ სოციალური უთანასწორობა მხოლოდ ამერიკაში გაიზარდა მრავალჯერ. სოციალიზმის დამარცხების შემდეგ უოლ-სტრიტმა და ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა გადაწყვიტეს, რომ მათთვის ახლა ყველაფერი შესაძლებელია და გაუტიეს. გლობალიზაცია არსებული სახით და ყველა თანმდევი მოვლენა ეს არის მათი პროექტი, რომლის მიზანიცაა გადაქციონ ადამიანები პრიმიტიულ მომხმარებელ ცხოველებად, რომლებსაც შეეძლებათ მხოლოდ ალგორითმული აზროვნება. ანალიტიკური აზროვნება სჭირდებათ მხოლოდ ბატონებს.
გასაკვირი უნდა იყოს თქვენი პოზიცია, რადგან თავს სოციალისტს ეძახით, მაგრამ არ მიკვირს რადგან ივანიშვილის დიდი მიმდევარი ხართ და ეს ნათქვამი მიიღეთ როგორც მისი საწინააღმდეგოდ მიმართული, თუმცა სტიგლიცმა ივანიშვილის შსახებ არაფერი იცოდა. ის საუბრობდა გლობალურ პრობლემებზე.
რაც შეეხება ბატონ ჭიჭინაძის მოსაზრებებს, ბევრი რამ მათში სავსებით გონივრულია.
ჩოპრა ...... ისე კი სოციალისტობა რატოა სისულელე??