უმრავლესობა მელიას პარლამენტიდან რიცხავს

უმრავლესობა მელიას პარლამენტიდან რიცხავს

„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ამავე საქმეზე ზურაბ ადეიშვილს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლისა და სამი თვის ვადით, მასვე ორი წლით და სამი თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს. ახლა კი, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს მოუხსნიან თუ არა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილებას. მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს პარლამენტში პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ბადრი ბასიშვილი დაიკავებს.

როგორც ნიკა მელია აცხადებს, სასამართლოს გადაწყვეტილება კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე აღსასრულებლად გადის. მისი თქმით, ამ საქმეს ხელისუფლებისთვის რომ მიეცა დაკავების საფუძველი, ძალიან დიდი ხნის წინ შეასხამდნენ ხორცს და გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდოდა. როგორც მელიამ აღნიშნა, საქმე, რომელიც 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, აბსურდული იყო.

„7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს საქმე, 25 ადამიანი იყო ბრალდებული ჩემთან ერთად. ყველა ადამიანს, უკლებლივ, გაუკეთდა განრიდება, შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა და შემატოვეს მხოლოდ მე ამ საქმეში. იყო აბსოლუტურად აბსურდული საქმე. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომელიც გადის კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე აღსასრულებლად, არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი აშაყირებს საკუთარ გუნდის წევრებს, თუ კიდევ ერთხელ აბუჩად იგდებს.

მან კვლავ ჩაუგდო კენჭი „ქართულ ოცნებაში“ შემორჩენილ დეპუტატებს და ახლა მათ უნდა იმსჯელონ სხდომათა დარბაზში ნიკა მელია, როგორც მათი კოლეგა, მე–9 მოწვევის პარლამენტის ვადის ამოწურვამდე იქნება თუ არა. ბექა ოდიშარიამ უნდა მიაჭიროს ხელი ისევ, თუ მიაჭერს, მიაჭიროს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას შეფასებით, კარგი სანახავი იქნება უმრავლესობის 92 პატიოსანი გვამი, რომელიც მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას თავიდან მიიღებს.

„ჩვენ ვნახეთ ერთხელ ის სამარცხვინო სცენა, რაც უმრავლესობამ ჩაატარა მელიასთან დაკავშირებით, შეუწყვიტეს სხვა საქმეზე და პირდაპირ ციხეში გაუშვეს. ახლაც ასე იქნება როგორც ჩანს, პარლამენტიდან გაძევება უნდათ და ეს პირანიები, უმრავლესობა პირანიებად არის ჩამოყალიბებული, ალბათ, დაძიძგნიან და მორიგ ჯერზე მელიას შეუწყვეტენ უფლებამოსილებას. მე ველოდებოდი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნებოდა, რამდენად გაქაჩავდა პატიმრობას, ამაზე იყო საქმე. სასამართლომ მიიღო შუალედური გადაწყვეტილება“, – აცხადებს გიგი უგულავა.

გადაწყვეტილება, შეუჩერდეს თუ არა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება, სალომე სამადაშვილის შეფასებით, იქნება პოლიტიკური, რომელსაც პირადად ბიძინა ივანიშვილი მიიღებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ თუ პარლამენტი ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილებას შეუჩერებს, ეს პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებს და მმართველ გუნდს ურჩევს, ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს.

„ბიძინა ივანიშვილი დადგება ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე, რომ ან დაადგეს ამ გზას და ხელმეორედ მიიღონ სამარცხვინო გადაწყვეტილება, როგორიც ერთხელ უკვე მიიღეს ნიკა მელიასთან დაკავშირებით და ეს მხოლოდ გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს, ან მისცეს ნიკა მელიას საშუალება, შეუფერხებლად განაგრძოს პოლიტიკური საქმიანობა. მე ვურჩევ ხელისუფლებას, რომ მიიღოს მეორე გადაწყვეტილება და ნუ ჩაერევა ნიკა მელიას პოლიტიკურ საქმიანობაში, რადგან ეს მხოლოდ გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მელიას თანაგუნდელების პოზიციას იზიარებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, რომლის განცხადებით, პარლამენტი უნდა მიჰყვეს სამართლიანობის ლოგიკას და არ უნდა იჩქაროს ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერება. ბესელიას განმარტებით, შესაძლოა, მელიას მიმართ გამოტანილი განაჩენი საქალაქო სასამართლოს ზემდგომმა ინსტანციამ არასწორად მიიჩნიოს და გააუქმოს, ასეთ შემთხვევაში კი, მელია უფლებამოსილებას ვეღარ აღიდგენს.

„თუ აღმოჩნდება ისე, რომ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და შეუწყვეტს პირს უფლებამოსილებას და შეიძლება ზემდგომმა ინსტანციამ ჩათვალოს, რომ არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და გააუქმა, ასეთ შემთხვევაში აღდგენა შეიძლება ვეღარ მოხდეს პარლამენტის წევრის სტატუსის. ამიტომ სამართლიანობის ლოგიკას უნდა გაყვეს პარლამენტი ჩემი აზრით და არ უნდა იჩქაროს გადაწყვეტილების მიღება“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

უმრავლესობა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახალი ტრენდი გახდა, იმაზე საუბარი, კონსტიტუციას ვინ როგორ კითხულობს, არადა, კონსტიტუცია ერთგვარად იკითხება, სადაც მარტივად წერია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ–ერთ საფუძველი.

„კითხვებიც კი არ არსებობს, ეს არის წმინდა იურიდიული დეტალი. როცა დეპუტატის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მოსამართლის გამოცხადებისთანავე კანონიერ ძალაში შედის და პარლამენტი არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია, კენჭი უყაროს, უფლებამოსილების შეწყვეტას. ამაზე კითხვები უხერხულია, რადგან სამართლებრივი საკითხია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს ირაკლი კობახიძე, რომლის განცხადებით, კრიმინალების ადგილი პარლამენტში არ არის. დეპუტატის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ კანონიერ ძალაშია შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი დგება.

„ამ შემთხვევაში კანონიერ ძალაში არის შესული განაჩენი, რადგან საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პირველი ინსტანციის განაჩენი არის საბოლოო ძალაში შესული. აქედან გამომდინარე, არის პირდაპირი საფუძველი იმისთვის, რომ დეპუტატს შეუწყდეს მისი სადეპუტატო უფლებამოსილება. პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარი სიმართლეს არ შეესაბამება. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ნიკანორ მელია არის კრიმინალი, მას აქვს ჩადენილი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულები და ამ დანაშაულზე მიეცა პასუხისგებაში.

ის ადეიშვილთან ერთად მონაწილეობდა „ქართუს“ გაკოტრებაში, ეს არის იმდენად ცხადი დანაშაული, რომ აქ სანქციის ადექვატურობაზე საუბარიც ზედმეტია. ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს დავუჭერ, რადგან კრიმინალების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის. ბუნებრივია, პარლამენტში არის იმაზე მეტი კრიმინალი, ვიდრე მხოლოდ ნიკანორ მელიაა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, არის კონკრეტული დანაშაული. შესაბამისად. აქ არის ცალსახა საფუძველი, რომ მას უფლებამოსილება შეუწყდეს“, – განაცხადა ირკლი კობახიძემ.

პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს განაჩენი რბილია, იმ ფონზე როდესაც „ქართუ ბანკის“ საქმეზე იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა შეეფარდა. პოლიტოლოგის განცხადებით, ბევრმა შეიძლება ჩათვალოს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ სიტუაციას გაუწია სასამართლომ ანგარიში და უფრო ფრთხილი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ნიკა მელიასთვის პარლამენტარის მანდატის შესაძლო შეჩერების საკითხს, პოლიტოლოგის შეფასებით, ეს ნიკა მელიას ხელს არ უშლის ე.წ. ქუჩის აქტივობაში.

„პარლამენტის საქმიანობიდან ჩამოშორებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად იგულისხმებდა ადამიანი, მელია რომ იყოს პარლამეტში პროდუქტიული და პარლამენტის ტრიბუნა მისთვის პოლიტიკური მოქმედების ერთადერთი არეალი იყოს, თუმცა ვხედავთ, რომ ის ქუჩაში კიდევ უფრო აქტიურად მოქმედებს. მისთვის პარლამენტის ტრიბუნის მოხსნა დანარჩენ პოლიტიკურ აქტივობებს, ეგრეთ წოდებულ ქუჩის აქტივობას აბსოლუტურად არ ბლოკავს. ასე რომ, ის როგორც პოლიტიკოსი, შეზღუდულად არ მეჩვენება და ამდენად, ამ განაჩენს პოლიტიკურ დევნად ვერ შევაფასებ. რაღაც განაჩენი თუ უნდა ყოფილიყო გამოტანილი, მაშინ ეს რბილი განაჩენია“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტის გია ხუხაშვილის განცხადებით, 2019 წელს 7 წლის წინ მომხდარ დანაშაულზე ვერდიქტის გამოტანა არის სრული აბსურდი. ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ოპოზიციისა და თავისი თანაგუნდელების წინააღმდეგ შეგროვებული კომპრომატებით მართავს.

„ქართულ ოცნებაში“ ვიყავი და კარგად ვხედავდი, როგორ იყენებდა სხვადასხვა ინსტრუმენტს მაშინდელი ხელისუფლება იმისთვის, რომ პრობლემები შეექმნა „ქართული ოცნებისთვის“. „ქართუ ბანკის“ ისტორია პოლიტიკური შეტევის ინსტრუმენტი იყო მთლიანობაში. ეს არ იყო მხოლოდ ერთი ეპიზოდი, იყო ფულის გათეთრების საქმის აღძვრა და ბევრი რამ ხდებოდა. პოლიტიკურად მოტივირებული შეტევა „ქართუ ბანკზე“ სრულიად ცალსახა იყო და პოლიტიკური დანაშაულის ნიშნებს, რა თქმა უნდა, შეიცავდა ეს ყველაფერი.

ამ საქმეში მთავარი ფიგურანტი ნიკა მელია არ იყო, ეროვნული ბანკიდან მოდიოდა ეს ყველაფერი ისევე, როგორც „თიბისის“ საქმეს კერავენ ახლა. „ქართუ“ ბანკზე შეტევა ვინც დაიწყო, ისევ საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებულები. ბიძინა ივანიშვილმა ააშენა აბსოლუტურად მანკიერი სისტემა. ის კარგად გრძნობს თავს კომპრომეტირებული ადამიანების გარემოცვაში. მას მიაჩნია, რომ თუ ადამიანზე აქვს კომპრომატი, ის ადამიანი ჩუმად იქნება, ნაკლებ პრობლემას შეუქმნის და ბევრად უფრო მარტივი სამართავი იქნება სისტემები“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.