შამილ ბასაევის უპრეცედენტო დივერსიის შემდეგ, რომელმაც თხემით-ტერფამდე შეარყია რუსეთის უზარმაზარი სახელმწიფო, ელცინი იძულებული გახდა მოლაპარაკება დაეწყო დუდაევთან. თუმცა, ეს გადაწყვეტილება მისთვის ნამდვილად არ იყო ადვილი და სასურველი, ვინაიდან ჩეჩნეთის პრეზიდენტი სულ ცოტა ხნის წინ მან თავად გამოაცხადა „კრიმინალად“ და „ყაჩაღთა ბანდების მეთაურად“.
მაგრამ სხვა გზა რუსეთის ხელისუფლებას მართლაც არ ჰქონდა: ბუდიონოვსკის მსგავსი კიდევ ერთი რეიდი უკვე უეჭველად გამოიწვევდა სამოქალაქო ომს რუსეთში. არადა, თავზეხელაღებულ ჩეჩენ მებრძოლებს ამგვარი რეიდის განხორციელება ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ - სპეცსამსახურთა ხელთ არსებული ინფორმაციით, არსებობდა სავსებით რეალური გეგმა, რომლის თანახმად, ჩეჩნები აპირებდნენ საჭიროების შემთხვევაში სხვა დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფების გადასროლას რუსეთის ტერიტორიაზე: ვერტმფრენების მეშვეობით ისინი დაეშვებოდნენ როსტოვის ცენტრალურ მოედანზე, კვლავ იგდებდნენ ხელთ ტყვეებს და გამაგრდებოდნენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებთან. ვთქვათ, ატომურ ელექტრო-სადგურებთან... რის გამოც, არტილერიისა და მძიმე ტექნიკის გამოყენება მათ წინააღმდეგ შეუძლებელი გახდებოდა.
რაც შეეხება რუსეთის ნაქებ „ელიტარულ ნაწილებს“ - მათგან ყველაზე სახელგანთქმულ „ალფას“ ბასაევის მებრძოლებმა ბუდიონოვსკში „კუდით ქვა ასროლინეს“. ჩეჩნები რომ არაფრის წინაშე უკან არ დაიხევენ, ელცინმა შესანიშნავად უწყის. ამიტომ, იძულებული გახდა, დათანხმებოდა მშვიდობიან მოლაპარაკებას. მისი წარმომადგენლების განცხადებით. . . რუსეთმა თურმე მოიგო ომი და ამიტომ შეუძლებელია გაიმართოს მშვიდობიანი მოლაპარაკება მოწინააღმდეგე მხარესთან - რაც მტკნარი სიცრუეა. სინამდვილეში, რუსეთს ექნებოდა უფლება ეთქვა, რომ მან დაამარცხა ჩეჩნეთი, თუ მისი შეიარაღებული ძალები მთლიანად დაიპყრობდნენ ჩეჩნეთის ტერიტორიას (მთიანი რაიონების ჩათვლით), გაანადგურებდნენ ან განაიარაღებდნენ დუდაევის შეიარაღებულ ფორმირებებს და პატიმრობაში აიყვანდნენ ან ქვეყნიდან გააძევებენ თვით ჯოჰარ დუდაევს.
დღეს კი დუდაევი დამარცხებული არ არის: მან მოიგო ყველაზე მთავარი - დრო, რომელსაც (სრულიად დარწმუნებული ვარ) ახალი შეტევების მოსამზადებლად იყენებს.
ჩეჩნებმა დაამტკიცეს, რომ შესანიშნავი პოლიტიკოსები ჰყავთ, რომლებიც ბრწყინვალედ ფლობენ დიპლომატიის ტექნოლოგიას, უზადოდ ერკვევიან საერთაშორისო (პოლიტიკური) სამართლის ნიუანსებში და მოლაპარაკების მაგიდასთან (ისევე როგორც ბრძოლის ველზე) არაფრის დათმობას არ აპირებენ.
ჯოჰარ დუდაევის მთავარი მიზანი დღეს დროის გაწელვაა - მას სურს როგორმე შეინარჩუნოს სტატუს-ქვო რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მხოლოდ ამ ვადის მოახლოების შემდეგ განაახლოს განმათავისუფლებელი ომი. რადგან ამ შემთხვევაში ომი ჩეჩნეთში უეჭველად იქცევა რუს პოლიტიკოსთა ურთიერთდაპირისპირების მიზეზად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კატეგორიული სამოქალაქო ანტაგონიზმი.
მანამდე კი, დუდაევი ფრთხილად და ჭკვიანურად აწარმოებს მოლაპარაკებას. ელცინის წარმომადგენელი ამ მოლაპარაკებებზე (არკადი ვოლსკი) ძალიან ცდილობდა ისე წარმოეჩინა სიტუაცია, თითქოს მოლაპარაკებანი წარმოებდა არა თვით დუდაევთან, არამედ დამოუკიდებელ ჩეჩენ პოლიტიკოსებთან, - ამით სურდა განხეთქილების, უნდობლობისა და ეჭვიანობის ატმოსფეროს გაღვივება ჩეჩენთა ბანაკში.
მაგრამ დუდაევმა, რომელსაც მოლაპარაკება პოლიტიკური რეალობის იურიდიული დაფიქსირებისათვის ჭირდება, ესეც შესანიშნავად გაითვალისწინა - ე.წ. „სამშვიდობო შეთანხმების“ მიღწევისთანავე მან, თავისი ბრძანებით, თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსლან იმაევი, რომელიც ჩეჩნეთის მხარეს წარმოადგენდა მოლაპარაკებაზე. ეს მან სინამდვილეში იმიტომ კი არ გააკეთა, რომ იმაევს მასთან რაიმე უთანხმოება ჰქონდა, არამედ კვლავ და კვლავ საკუთარი პოზიციების ურყევობის დასადასტურებლად - დუდაევმა ამით ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ის აწარმოებდა მოლაპარაკებას რუსეთთან და არა დამოუკიდებლად იმაევი ან მასხადოვი.
რაც შეეხება თვით „სამშვიდობო ხელშეკრულებას“ - იგი სრულად პასუხობს ჩეჩენთა ინტერესებს: მასში გათვალისწინებულია, რომ ჩეჩნებმა უნდა ჩააბარონ იარაღი, მაგრამ იქვე ნათქვამია: თითოეულ სოფელში იქმნება თავდაცვის რაზმები 20-25 მეომრის შემადგენლობით, რომელთაც უკანონდებათ იარაღი. თუ გავითვალისწინებთ რომ ჩეჩნეთში ხუთასამდე სოფელია, უცილობლად გამოდის: დუდაევის არმია ფაქტობრივად ინარჩუნებს იარაღს, ვინაიდან ათი ათასი მეომარი სავსებით საკმარისია ჩეჩნეთში პარტიზანული ომის საწარმოებლად.
ჩეჩნები იარაღს მხოლოდ მოჩვენებით აბარებენ - ყოფილ საბჭოთა არმიას ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რამდენიმე დივიზიის სამყოფი იარაღი ჰქონდა. მთელი ეს შეიარაღება 1991-92 წლებში ჩეჩნეთის გვარდიამ იგდო ხელთ, ანუ მის ხელთაა ასი ათასამდე ავტომატი. „განიარაღების“ პროცესში კი, ჩეჩნებმა მხოლოდ ათასამდე ავტომატი ჩააბარეს რუსებს და, სამაგიეროდ, რუსეთის ჯართა ჩეჩნეთის ტერიტორიიდან გაყვანა მოითხოვეს ხელმოწერილი „სამშვიდობო დოკუმენტის“ თანახმად.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ეს დოკუმენტი ჩეჩენთა დიპლომატიური ოსტატობის შესანიშნავი ნიმუშია. მაგალითად, რუსეთის მხარე დღეს იმოწმებს შემდეგ პუნქტს: „შეიარაღებულ ფორმირებათა განიარაღება უნდა მოხდეს „თავდაცვის შესახებ კანონის“ თანახმად“. რუსული მხარე, რასაკვირველია, გულისხმობდა რუსეთის ფედერაციის კანონს, რადგან, მათი აზრით, ამგვარი კანონი შეიძლებოდა მხოლოდ ფედერალური ყოფილიყო. მაგრამ ჩეჩნებმა დოკუმენტის ხელმოწერისთანავე წარმოადგინეს ჩეჩნეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „თავდაცვის შესახებ“. ხოლო რაკი შეთანხმებაში პირდაპირ არ იყო აღნიშნული, რომ საუბარი სწორედ ფედერალურ კანონზეა - ჩეჩნებმა მიიღეს საშუალება, უარი განაცხადონ განიარაღებაზე. უფრო ზუსტად, განაიარაღონ მხოლოდ ის შეიარაღებული ფორმირებანი, რომლებიც არ არიან გათვალისწინებულნი ჩეჩნეთის კანონმდებლობით.
რუსეთი იძულებული იყო დათანხმებოდა ევროთათბირის წარმომადგენელთა მონაწილეობას მოლაპარაკების პროცესში - ამას დაჟინებით მოითხოვდა დასავლეთი და მთავარ პირობად თვლიდა რუსეთთან თანამშრომლობისათვის. ამ გარემოებასაც ჩეჩნები შესანიშნავად იყენებდნენ - რუსეთს დღეს არ ძალუძს მთელი მსოფლიოს თვალწინ მოაწყოს ჩეჩენი ხალხის პირდაპირი გენოციდი, ანუ პირისაგან მიწისა აღგავოს ყველა ჩეჩნური სოფელი და ქალაქი - ამის უფლებას მას უბრალოდ არ მისცემს დასავლეთი. ამავე დროს, ჩეჩენთა უმრავლესობა დუდაევის მომხრეა. ისინიც კი, ვინც ადრე ე.წ. „ოპოზიციას“ უჭერდა მხარს, დღეს პრეზიდენტის მხარეს იბრძვის, ვინაიდან ჩეჩენი ხალხის მენტალიტეტში დამოუკიდებლობის იდეას განსაკუთრებული ადგილი უკავია.
სამხედრო - სტრატეგიული თვალსაზრისით, დღეს ჩეჩნეთში გარკვეული პარიტეტი დამყარდა. რუსეთის ჯარებმა შეძლეს დაბლობზე მდებარე ყველა დასახლებული პუნქტის დაკავება ან საკუთარ კონტროლს დაქვემდებარება. რასაკვირველია, ამ „წარმატების“ უმთავრესი მიზეზი გახდა შეუდარებელი უპირატესობა მძიმე ტექნიკასა და არტილერიაში. აგრეთვე აბსოლუტური უპირატესობა ავიაციაში, რომელიც თვეების განმავლობაში უმოწყალოდ, მეთოდურად ანადგურებდა ჩეჩნეთს. თუმცა, მეორეს მხრივ, ჩეჩნებსაც გააჩნიათ გარკვეული ობიექტური უპირატესობანი. უპირველეს ყოვლისა, გეოგრაფიული ხასიათისა - მათ შეინარჩუნეს პოზიციები სამხრეთ ჩეჩნეთში და არ მისცეს საშუალება რუსეთის ჯარს, გადაეკეტა საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარი, ტყის ფართო მასივები კი უშუალოდ აკავშირებს მთიან ჩეჩნეთს - დაბლობთან. ამრიგად, პარტიზანული რაზმების გადაადგილებას, ჩეჩნეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ფაქტობრივად ვერაფერი შეუშლის ხელს. თვით პარტიზანული ომის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე ძლიერი და კარგად შეიარაღებული არმიაც კი უძლურია საბოლოოდ აღკვეთოს პარტიზანული მოძრაობა.
მით უმეტეს, ამას ვერ შეძლებს რუსეთის არმია რამოდენიმე მიზეზის გამო: ჯერ ერთი, იგი აშკარად დემორალიზებულია ბოლო წლების მოვლენათა გამო და ეს მარადიორობის დონიდან ნათლად ჩანს. გარდა ამისა, რუსეთის არმია ჩეჩნეთში ვერ მიმართავს პარტიზანული მოძრაობის აღსაკვეთად ყველაზე ქმედით იარაღს - რეპრესიებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ვინაიდან ამას უმალვე დააფიქსირებენ საერთაშორისო მეთვალყურენი და რუსეთს გარკვეულწილად გაურთულდება საერთაშორისო ვითარება. განსაკუთრებით ევროპაში.
დასავლელი პოლიტკოსებისათვის ჩეჩნეთი მძლავრი კოზირია რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციების საწინააღმდეგოდ. მოსკოვის ყოველ გააქტიურებას ბოსნიასა და საერთოდ, ბალკანეთში, დასავლეთი პასუხობს ევროსტრუქტურათა გააქტიურებით ჩეჩნეთში და ამ რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთების გამოგზავნით.
რუსეთის პოლიტიკამ ჩეჩნეთის მიმართ კიდევ უფრო დაამძიმა მისი მდგომარეობა მაჰმადიანურ სამყაროში, რომელიც ტრადიციულად კრემლის განსაკუთრებული გავლენის სფერო იყო. ფაქტობრივად, ბოსნიელ მუსლიმანთა და ჩეჩნების მხარდაჭერით ამერიკამ მსოფლიოს ამ სპექტრში რუსეთს პრიორიტეტი წაგლიჯა. კოზირევის უწყება ამ მარცხის კომპენსირებას, მაჰმადიანური ფუნდამენტალიზმის მხარდაჭერით ცდილობს, - გავიხსენოთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვოიაჟი ბაღდადსა და ირანში, სადაც იგი ყველაზე რეაქციული ისლამური რეჟიმის დემონსტრაციული მხარდაჭერით აპირებდა დასავლეთის დაშინებას.
მთლიანობაში, რუსეთმა ჩეჩნეთის კამპანიით მეტი წააგო, ვიდრე მოიგო. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მას უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა, ვინაიდან ჩეჩნეთის შემდგომი ფაქტობრივი დამოუკიდებლობა კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქადდა რუსულ სახელმწიფოს.