საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გაზრდილი ხარჯების გამო, სავარაუდოდ, ვადაზე ადრე ამოიწურება. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 29 ნოემბრის მდგომარეობით, პროგრამის 754-მილიონიანი ბიუჯეტიდან 745.1 მილიონი ლარი უკვე დახარჯული და ათვისებულია. წლის ბოლომდე მხოლოდ 9 მილიონი ლარი რჩება, რაც ძალიან მცირე თანხაა იმის გათვალისწინებით, რომ საშუალოდ თვეში 69 მილიონი ლარი იხარჯება.
იმისთვის, რათა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ვადაზე ადრე არ ამოწურულიყო, საშუალო ყოველდღიური ხარჯვა 2.065 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ფაქტობრივად ხარჯვა ამაზე მეტს შეადგენდა და 2.277 მილიონ ლარს უტოლდებოდა. შესაბამისად, იმისთვის, რათა წლის ბოლომდე დარჩენილი დღეების განმავლობაში პროგრამა შეუფერხებლად არსებობდეს, დაახლოებით 60 მილიონი ლარის დამატება არის საჭირო.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან მიმართებით, ჯანდაცვის სამინისტრო გასული ერთი თვის განმავლობაში კერძო კლინიკების მხრიდან მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა. კლინიკების კრიტიკა საქართველოს მთავრობის N520-ე დადგენილებას უკავშირდება, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებისთვის ტარიფების გათანაბრება მოხდა, თუმცა, როგორც ირკვევა გათანაბრებული ტარიფები სამედიცინო დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის თვითღირებულების ხარჯებსაც ვერ ფარავს, რის გამოც ისინი მთავრობისგან ცვლილების დაუყოვნებლივ გადახედვას ითხოვენ.
მთვრობა ამ მხრივ ერთსულოვანია. ჯანდაცვის მინისტრის შეუვალი პოზიციის გარდა, პრინციპულობას იჩენს ფინანსთა მინისტრიც. ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობის პროცესში ფინანსთა მინისტრის მოადგილეც იყო ჩართული.
„მთავარი მიზანი ეკონომია კი არ არის, მთავარი მიზანი არის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა. მან უნდა გაუძლოს მრავალ წელს ისე, რომ არ მოხდეს არც ხარისხის ვარდნა და არც შეფერხებები გადახდების საკითხში, რაც შიგადაშიგ გვაქვს ხოლმე. ზოგ შემთხვევაში ჩამორჩენაა კლინიკების მიმართ ანაზღაურების ნაწილში. ამიტომ ეს სისტემა უნდა იყოს მდგრადი.
მოთხოვნა იზრდება ამ სერვისზე, შესაბამისად, აქ უნდა შემოვიტანოთ ისეთი კომპონენტები და ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად მოვიცვათ დაფარვა, ვისაც ერგება აღნიშნული სერვისი, ხარისხი შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ კიდეც, მაგრამ ეს იყოს ფისკალურად მდგრადი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ტარიფებთან დაკავშირებით ცვლილება ამას ემსახურება და მისი აზრით, პროექტი წარმატებით წარიმართება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დამსახურებით დღეს ქუჩაში ადამიანი უფულობის გამო აღარ იღუპება. ჯანმრთლობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს დადებითად აფასებს.
„გავზარდეთ წამლით უზრუნველყოფის პროგრამა 10-დან 20 მილიონამდე. ეტაპობრივად მოვახდენთ ქრონიკული დაავადებების და ასევე, შემდეგი ეტაპი იქნება სხვა დაავადებებისათვის საჭირო პრეპარატებით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ცე ჰეპატიტის პროგრამით ჩვენ მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით, რადგან ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავის მოქალაქეებს ამ პროგრამას სთავაზობს ამერიკელი მეგობრების დახმარებით“, - განაცხადა ხუნდაძემ.
სახელმწიფო მართლაც ბევრს ხარჯავს და ყოველი წლის ბოლო თანხის მხრივ დეფიციტშია. „ბიზნეს მედიას“ ინფორმაციით, 2018 წელს საყოველთაო ჯანდაცვის 713-მილიონიანი ბიუჯეტი ვადაზე ადრე ამოიწურა, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარი შიდა რესურსების გადაჯუფებით პროგრამას ბიუჯეტი გაუზარდა და მთლიანობაში პროგრამის ხარჯვამ 760 მილიონი ლარი შეადგინა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელსაც ვადაზე ადრე ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის გადასარჩენად 40 მილიონის სახით დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო.
მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არც 2016 და 2015 წლებში ეყო. 2016 წლის 7 ნოემბერს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის საპასუხოდაც ჯანდაცვის სამინისტრომ მას საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით 35 მილიონი ლარი დაუმატა. დამატებული 35 მილიონი 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ 18 მილიონი ლარი დაუმატა.