ოპოზიცია საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებს. ისინი აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა არ დაიმსახურა ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება და „ქართული ოცნების“ დეპუტატები, როგორც პოლიტიკური გვამები, ისე მიიპარებიან პარლამენტში პარტიზანულ სხდომებზე დასასწრებად“. დემონსტრანტების აზრით, პარლამენტის სხდომების სპეცრაზმით ჩატარებას არანაირი ხიბლი არ აქვს და ისინი ყოველთვის შეუშლიან ხელს დეპუტატებს საკანონმდებლო საქმიანობის შესრულებაში.
როგორ შეძლო ბიძინა ივანიშვილმა მთლიანი ოპოზიციის დარაზმვა მის წინააღმდეგ, პოლიტიკოსი მამებისა და შვილების ერთდროულად გამოყვანა ერთის წინააღმდეგ და, ნებით თუ უნებურად, ოპოზიციისთვის ე.წ. „სატოპკის“ მიწოდება?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.
ტემპერატურის კლების მიუხედავად, პოლიტიკური ტემპერატურა აწეულია. „ქართული ოცნების“ მომხრეები ემადლიერებიან სპეცრაზმელებს, რომ მათ მონღოლთა იურტების გაშლას ხელი შეუშლეს, „ოცნების“ მოწინააღმდეგენი კი სპეცრაზმს ნოემბრის სუსხში წყლის ჭავლის გამოყენებაში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილი „ბიბლიურ მორალსაც გადავიდა“, რაც მტრის მიმართ გულმოწყალებას გულისხმობს. ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის ემზადება და იმედოვნებს, რომ 50 ათასი პროტესტანტის გამოყვანა საკმარისია ივანიშვილის წასასვლელად. რა გაგრძელება ექნება ამ სცენარს?
- ცხადია, მოლოდინი სხვა იყო და სულ სხვა რამ მოხდა რეალურად, მაგრამ პროტესტიცაა და პროტესტიც. ისეთი ვითარებაა მედიაში ატეხილი და რუსთაველზეც ისე ჩანს, თითქოს ქვეყანა იქცევა. სინამდვილეში, ასე არ არის. საარჩევნო სისტემა ეს არის დემოკრატიის ინსტრუმენტი და არა პირიქით, საარჩევნო სისტემა კი არ ქმნის დემოკრატიას, არამედ დემოკრატია ქმნის საარჩევნო სისტემას. ამ ინსტრუმენტს როგორ გამოვიყენებთ, ჩვენზეა დამოკიდებული. ნებისმიერი საარჩევნო სისტემა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, შერეული, გერმანული თუ ფრანგული, ყველა მათგანი დემოკრატიულია. ამის გამო ქვეყნის დაქცევა არ ხდება, უბრალოდ, საარჩევნო სისტემა მხოლოდ საბაბია მოვლენების რევოლუციური სცენარის საფარქვეშ განვითარებისთვის. რევოლუციურ სცენარში მონაწილეობა ბევრ ძალას სულაც არ სურს. მოსურნე ძალები ძალიან ცოტაა. ამის მომხრეა მხოლოდ „ნაციონალების“ გარშემო კონსოლიდირებულ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ბევრნი არ არიან.
გამოდის, პროპორციულზე უარის თქმით ხელისუფლებამ ოპოზიციას უბრალოდ „ტოპკა“ მიაწოდა? პროპორციული სისტემა უკან რომ არ წაეღო ხელისუფლებას, პროტესტანტები მაინც მოძებნიდნენ სხვა საბაბს?
- დიახ, ნებისმიერი საბაბით მოხდებოდა ეს პროცესები. პროპორციულის უკან წაღებით ხელისუფლებამ პლაცდარმი შეუქმნა ოპოზიციას. ამაზე დავა შეიძლება, რომელი საარჩევნო სისტემა სჯობს, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ამას ქვეყანა გადავაყოლოთ? ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში, თუ საამისო რესურსი და მოსახლეობის მხარდაჭერა არსებობს, შეიძლება გამარჯვება და ეს 2012 წლის მაგალითმაც აჩვენა.
2012 წელს სულ სხვა განწყობა იყო, მთელი ერი იყო დარაზმული სააკაშვილის წინააღმდეგ.
- დიახ და ეს როგორ მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა? სტრატეგიულად რომ შევადაროთ ერთმანეთს, ბიძინამ ეს შემდეგნაირად გააკეთა, მისი ძირითადი სტრატეგია იყო საარჩევნო მობილიზება, არავითარი უკანონობა, არავითარი საპროტესტო აქციები, არავითარი რევოლუციური სცენარი და დესტრუქცია. ის პროცესები თავიდან ბოლომდე კანონის ფარგლებში იყო მოქცეული. დესტრუქციული ქმედებები არ მოდიოდა მაშინდელი ოპოზიციიდან. ახლა კი სურათი განსხვავებულია.
იმ პერიოდში ბიძგის მიმცემი ის იყო, რომ „შუა არ იყო გაკრეფილი“ პოლიტიკური ისტებლიშმენტი და, პლუს ამას, მაშინდელ პროცესებს ბიძინა ივანიშვილის სოლიდური ფინანსები ემატებოდა. დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანად გაკრეფილნი არიან ე.წ. შუაშისტები? თუ გაერთიანებულ ოპოზიციაში, სადაც წამყვან ძალად „ნაცები“ მოიაზრებიან, მაინც ჩანს მესამე ძალის რესურსი?
- ახლა რთული ვითარებაა. ცხადია, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ოპონენტები და ძირითადი პოლიტიკური პარტიები „ოცნების“ ოპონენტები არიან, მაგრამ „ნაცების“ წინააღმდეგ „ქართული ოცნება“ კონსოლიდაციას ისევ მოახდენს, რადგან აშკარაა და ამას ბრმაც ხედავს, რომ „ნაცების“ მიზანი არ არის არჩევნები, მათი მიზანი ხელისუფლების დამხობაა. არჩევნების მოგება რომ იყოს „ნაცების“ მიზანი, მაშინ ასე არ მოიქცეოდნენ. ისინი მოიქცეოდნენ ისე, როგორც ბიძინა იქცეოდა 2011 წლის 7 ოქტომბრიდან (პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ განცხადება რომ გააკეთა) 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. მით უმეტეს, „ნაცებს“ დღეს საბაბი გაუჩნდათ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და შეუძლიათ მოსახლეობის საარჩევნო მობილიზება, მაგრამ ამას არ აკეთებენ, რადგან შინაგანად არიან კანონიერებისა და სამართლიანობის მტრები. თორემ ასეთი შესანიშნავი პირობები აქვთ ახლა, გარკვეული უპირატესობაც კი აქვთ, რადგან „ოცნებამ“ რაც გააკეთა, თავისი სიტყვა უკან რომ წაიღო, რასაკვირველია, „ოცნება“ ამის გამო პასუხს აგებს არჩევნებში. ეს აშკარაა, ასეთი რამ არ ხდება და „ოცნებას“ ამისთვის ფასის გადახდა მოუწევს. „ნაცების“ წინააღმდეგ ისედაც „შუა იყო გაკრეფილი“, უბრალოდ, ამ პროცესებით „ოცნება“ კარგავს რეიტინგს და ორმაგად შეიძლება ეს მოხდეს - ერთი მხრივ, „ოცნების“ ამომრჩეველი გაიმიჯნოს დანარჩენი საქართველოსგან და მეორე მხრივ, „ნაცების“ ამომრჩეველიც გაიმიჯნოს დანარჩენი საქართველოსგან. ასეთი ვითარება დიდხანს არ გასტანს, რადგან არა მგონია, ის დესტრუქცია, რაც ახლა რუსთაველზე ხდება, დიდხანს გაგრძელდეს.
ივანიშვილს სანანებლად ხომ არ გაუხდება, „შუა ძალა“ რომ გაკრიფა, რადგან „ოცნების“ საპირწონედ დარჩნენ მხოლოდ „ნაცები“, „ნაცები“ კი აკეთებენ იმას, რასაც შეჩვეულნი არიან, ანუ გამორიცხული არ არის, მუშაობენ კიდეც რევოლუციურ სცენარზე.
- დამიჯერეთ, „ნაცებს“ ნელ-ნელა შემოეცლება მათ მხარეს მყოფი პოლიტიკური ბანაკი. პირველ რიგში, „ევროპული საქართველო“ გაემიჯნება მათ. ნახეთ, თუ ასე არ მოხდეს, რადგან „ევროპულ საქართველოს“ არ აწყობს რევოლუციური სცენარი. სააკაშვილი რომ დაბრუნდეს, „ნაცების“ ხელისუფლება, პირველ რიგში, „ევროპულ საქართველოს“ დაერევა. ბიოლოგიიდან ცნობილია, რომ შიდასახეობრივი დაპირისპირება უფრო მძაფრია, ვიდრე სხვადასხვა სახეობებს შორის დაპირისპირება. „ნაცებიც“ ბიოლოგიური ინსტინქტის დონეზე მოქმედებენ. რომელ პოლიტიკაზეა საუბარი? პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა, რომელიც ურთიერთთანამშრომლობაზე, პატივისცემაზე, მოსმენაზე უნდა იყოს აგებული, მიუხედავად ინტერესების განსხვავებულობისა. აქ კი პირიქითაა ყველაფერი, რადგან პარტიულ-პოლიტიკური სისტემის დღის წესრიგს ქმნიან დესტრუქციული „ნაცები“.
თქვენ ბრძანეთ, „ნაცები“, პირველ რიგში, „ევროპულ საქართველოს“ დაერევიანო, მაგრამ სწორედ „ევროპული საქართველო“ დგას მოვლენების ავანგარდში, ახალგაზრდული მოძრაობის გვერდით სწორედ „ევრონაცები“ არიან.
- ეს ყველაფერი დალაგდება. რაღაც მომენტამდე მიიყვანენ ვითარებას და, როდესაც დადგება პრინციპული არჩევანი-რევოლუცია თუ არჩევნები, „ევროპული საქართველო“ არ წავა რევოლუციისკენ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რადგან მათ კარგად იციან, რომ ეს დამღუპველი გზაა და მათ არ მოუტანს სიკეთეს, რადგან ავანგარდში იქნებიან ისევ „ნაცები“
და არა „ევროპული საქართველო“. ისევ 2012 წელს მივუბრუნდეთ, იმ პერიოდში რატომ იყო ივანიშვილის გამარჯვება მნიშვნელოვანი? მთავარი მნიშვნელობა ამ გამარჯვებას ჰქონდა ის, რომ ამით დადასტურდა, ხელისუფლება შეიძლება საქართველოში შეიცვალოს კანონიერად, არჩევნების გზით, ხალხის ნებით. სხვანაირად არასდროს აღარ უნდა მოხდეს საქართველოში.
არ მეცალა და ვერ გავიგე დეტალებში, ჩემმა ქუთეისლებმა ვის გაუპრიალეს ცხვირ-პირი. მე, სააკაშვილის კომენტარი ვნახე, პოლიციელების იდენტიფიკაციას გავაკეთებთო და მერეო, პასუხს მოვთხოვთ უმკაცრესადო.
ეს, "მერე" მერამდენედმოსვლაა არ ვიცი მაგრამ... ისე იმუქრებოდა რომ... პოლიცია ირიბად გააფრთხილა, ემნად მაგრად დადექით, ოპოზიცია არაფერი დაუთმოთ თორემ, მერე კარგი დღე არ დაგადგებათო!კრეატიული ტიპია, მიხეილ დიდი, ჰალსტუხთმღეჭავი.