„არც ბიძინა ივანიშვილს აწყობს „ქართული ოცნების“ გაყოფა და არც შევარდნაძეს აწყობდა „მოქალაქეთა კავშირი“ რომ გაიყო“

„არც ბიძინა ივანიშვილს აწყობს „ქართული ოცნების“ გაყოფა და არც შევარდნაძეს აწყობდა „მოქალაქეთა კავშირი“ რომ გაიყო“

მას შემდეგ, რაც კახა კალაძემ არ გამორიცხა, რომ ერთ დღეს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად შესაძლოა, ოპოზიციაში ვიხილოთ, გაჩნდა ეჭვი, რატომ წამოსცდა ეს სიტყვები დედაქალაქის მერს და ხომ არ მიანიშნა ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში წასვლისკენ?

მოგვიანებით „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განმარტა, თუ რას ნიშნვდა მის მიერ წინადღეს გაკეთებული განცხადების შინაარსი, რომლის მიხედვითაც, „დღეს ხელისუფლებაშია, ხვალ შეიძლება ოპოზიციაში იყოს თავისი გუნდით, თავისი პარტიით“. დედაქალაქის მერი შეეცადა, საზოგადოებისთვის გაეფანტა უცნაური აზრები და მიანიშნა, რომ მისი განცხადება მხოლოდ ზოგადი იყო და ნიშნავდა, რომ დღეს ისინი წარმოადგენენ მმართველ პარტიას, მაგრამ შეიძლება მოვიდეს დრო, როდესაც „იყვნენ ოპოზიციაში“.

მანამ, სანამ კახა კალაძე თავის ნათქვამს ხელახლა განმარტავდა, ქართველი ანალიტიკოსები არ გამორიცხავდნენ „ქართული ოცნების“ ისე გაყოფას, როგორც ეს მოხდა „მოქალაქეთა კავშირის“ შემთხვევაში.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, კახა კალაძე ოპოზიციაში ვიხილოთ და კალაძესთან ერთად „ოცნების“ ნაწილი ოპოზიციაში გადავიდეს.

ვახტანგ ძაბირაძის მოსაზრებით, ასეთი სცენარი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უფროა მოსალოდნელი და იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ვითარება დაიძაბება, მაშინ შესაძლოა, კალაძემ ოპოზიციაში წასვლაზე იფიქროს. ასეთ შემთხვევაში, „ოცნება“ ისე გაიყოფა, როგორც „მოქალაქეთა კავშირი“ გაიყო და კალაძესთან ერთად „ოცნების“ ახალგაზრდული გუნდი ოპოზიციაში გადავა.

რაც შეეხებათ ოპოზიციის ლიდერებს, ისინი აცხადებენ, რომ, თუ კალაძე „დამოუკიდებელი“ პოლიტიკური თამაშის გადაწყვეტილებას მიიღებს, მას აუცილებლად გააკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი და ეს იქნება ფსევდოოპოზიციური პარტია. ოპოზიციის აზრით, ივანიშვილს აწყობს კიდეც ფსევდოოპოზიციური პარტიები და მისთვის შეიძლება კარგი დასაყრდენი აღმოჩნდეს კახა კალაძე.

გიგა ბოკერია გაოცებას არ მალავს, როგორ შეიძლება კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში გადავიდეს?! მისი თქმით, „რა დროს კალაძის ოპოზიციონრობაა, ჯერ ამ სამარცხვინო კაცმა, ბიძინამ, ის პირობა უნდა შეასრულოს, რა პირობაც დადო“.

ოპოზიციონერი დეპუტატი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ, თუ ბიძინა ივანიშვილი ასე გადაწყვეტს, მაშინ კახა კალაძეს ნამდვილად ვიხილავთ ოპოზიციაში.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ კახა კალაძე ოპოზიციაში ძალიან მალე აღმოჩნდება. ვაშაძე კალაძეს ურჩევს, პოლიტიკიდან გაქცევის ნაცვლად პოლიტიკაში დარჩეს.

„კალაძე ოპოზიციაში ძალიან მალე აღმოჩნდება. როგორ გაართმევს თავს ოპოზიციაში, ამას უკვე ნახავთ შემდეგ“,-აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ აუცილებლად მოუწევს ამ ხელისუფლებას ოპოზიციაში გადასვლა, თუმცა შეიძლება ისინი ისე დამარცხდნენ, რომ ოპოზიციაში გადასვლის რესურსიც არ დარჩეთ.

„ქართული ოცნებიდან“ გასვლის შესახებ კახა კალაძის სამომავლო გეგმებს სპეკულაციას უწოდებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ არ არის ჩახედული, თუ რა ხდება „ქართული ოცნების“ სამზარეულოში, ვინ ოპოზიციაში წავა და მომავალში რა მოხდება, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში კალაძის გაოპოზიციონრება გამორიცხულია. პირიქით, დავით ზარდიაშვილის თქმით, ყველა თავისი მომხრის სრული მობილიზება უნდა მოახდინოს „ქართულმა ოცნებამ“, რათა ამ არჩევნებში შედეგი მიიღოს.

„საუბარი იმაზე, რომ „ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებაა, დამაჯერებელი არ არის. ვინც წასასვლელი იყო, ის უკვე წავიდა, „ოცნებაში“ დარჩა ისეთი ხალხი, რომლებიც შერეული სისტემის გარშემო დაირაზმნენ და კონსოლიდაცია მოახდინეს. ვინმე რომ ოპოზიციაში გადავიდეს, ამის ალბათობა ნაკლებია“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი და მიიჩნევს, რომ არც ბიძინა ივანიშვილს აწყობს „ქართული ოცნების“ გაყოფა და არც შევარდნაძეს აწყობდა თავის დროზე „მოქალაქეთა კავშირი“ რომ გაიყო და ახალგაზრდული ფრთა გამოეყო.

„მე თვითონ ვიყავი მაშინდელ პროცესებში ჩართული. შევარდნაძეს ნამდვილად არ უნდოდა „მოქალაქეთა კავშირიდან“ ახალგაზრდული ფრთის გამოყოფა. უბრალოდ, როდესაც პროცესები გამწვავდა და პარლამენტმა პრობლემების შექმნა დაუწყო უკვე შევარდნაძეს, პირველი, რაც შევარდნაძემ გააკეთა, სააკაშვილი ახლოს მიიყვანა და დანიშნა იუსტიციის მინისტრად იმ იმედით, ჩემთან ახლოს იქნება და შევძლებ, მოკავშირედ ვაქციოო. მოგეხსენებათ, სააკაშვილი მაშინ იყო უმრავლესობის ლიდერი და შევარდნაძე ეჭვობდა, თუ იქ დარჩება სააკაშვილი, შეიძლება მტრად გადამეკიდოსო. თუმცა შევარდნაძემ ვერ გაითვალისწინა, რომ სააკაშვილისთვის საზღვრები არ არსებობს, მას მუხრუჭი არ აქვს, სადაც არის, აუცილებლად თავში უნდა იყოს, ბრძანებას თვითონ უნდა იძლეოდეს და სხვები ემორჩილებოდნენ. სააკაშვილი ავანტიურისტია, ეს წმინდა პოსტსაბჭოური მოვლენაა. მარტო ისეთ ქვეყანაში შეიძლება აღზევდეს სააკაშვილი, როგორიცაა საქართველო, უკრაინა, რუსეთში ცოტა უფრო გაუჭირდება, ანუ ეს ის ქვეყნებია, სადაც ინსტიტუციური მუხრუჭები არ არსებობს. სააკაშვილი რომ იყოს, მაგალითად, ტრადიციული დემოკრატიის რომელიმე ქვეყანაში, მას არათუ ხელისუფლებაში არ მოიყვანდნენ, ახლოს არ გააკარებდნენ არავითარ საჯარო თანამდებობას, რადგან ასეთი ხალხი ძალიან საშიშია“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ანალიტიკოსი ასკვნის, რომ კახა კალაძის გაოპოზიციონრების რეალური საფუძველი არ არსებობს, რა იქნება მომავალში, არავინ იცის, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ დღეს რომ კალაძე და ივანიშვილი ერთმანეთის საპირისპირო ბანაკში აღმოჩნდნენ, ეს უფრო შეთქმულების თეორიის ნაწილია. რაიმე ფაქტობრივი მასალა, რომელიც ამას დაადასტურებს, არ არსებობს.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მურმან დუმბაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ კალაძის გაოპოზიციონრებაზე მეტად მისთვის უფრო საინტერესოა ვადამდელი პროპორციული არჩევნები, რაც საქართველოს საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო მხარდამჭერების უახლოესი პოლიტიკური ამოცანაა.

„დღეს ჩვენი ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია და კახა კალაძე 1 თვის ან 5 თვის მერე რას მოიმოქმედებს, ეს საინტერესო არ არის. მეორეხარისხოვანია, შექმნის თუ არა კალაძე სატელიტურ პარტიას ბიძინა ივანიშვილისთვის, მთავარია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკიდან უნდა წავიდეს. მისი მმართველობის 7-წლიანი პერიოდი დამთავრდა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კრახით. სატელიტები ვერ იქნება, რადგან ბიძინა ივანიშვილი უახლოეს ხანში პოლიტიკაში აღარ იქნება“, - მიიჩნევს მურმან დუმბაძე.

 

 

trampi არა მგონია რომ ამისგან სალამური გამოვიდეს .....ისე ემჩნევა რომ მაგათ შორის კატამ გაირბინა ..
მე დღევანდელ საქართველოში საერთოდ ვერ ვხედავ ისეთ ადამიანს(ლიდერს--და არა ბელადს) რომელიც დღევანდელ საქრთველოში გამწევი ძალა იქნებოდა...აქ მარტო განათლება, არ განათლება არ იგულისხმება(მარტო ინგლისურის ცოდნა განათლება არააა) ....
იმ ე.წ. ლიდერში წინ აუცილებლად წინ 24--საათი საქართველოზე მოფიქრალი დიდზე დიდი გული უნდა იყოს წამოსული (ხალხი ამას თვთონ დაინახავს) .პირადი ინტერესები ნოლი, ნათესავებ--ძმაკაც დაქალებისგან აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს და მხოლოდ საქმე(საქართველო) ...მოკლედ ის ვიღაცა თითქმის ბერად უნდა შესდგეს
აი მხოლოდ მერე გამოსწორდება საქმე.... თუ არადა კი ვართ ისე როგორც ვარ----- გაღიმებულები (ცირკის მაყურებლები)
არადა ამისთანა სუ ოთხი ხუთი კაცი გვჭირდება......საგარეო საქმესაც მოუვლიან და საშინაოსაც.... მტერსაც პასუხს გასცემენ და მოყვარესაც
და როგორ,.... ასეთი ხალხი საქართველოში არააა??
არ მჯერა!! ტყუილ;ია!!
უბრალოდ არ უნდათ ასეთი ხალხის ხელისუფლებაში მოსვლა
კახიშვილი სად გადამალეს, სადააა? აი იმ კაც ააქვს ეს თვისებები. იმან ჩემი, შენ, არ იცის...საჭირო კაცია ამათ კიდევ სადღაც დამლაგებლად გადამალეს
4 წლის უკან