ერაყის ქალაქ ნაჯაფში დემონსტრანტები ირანის საკონსულოს თავს დაესხნენ და შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სააგენტოს ცნობით, საკონსულოს თანამშრომლებმა შენობის დატოვება დემონსტრანტების შეჭრამდე მოასწრეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ერაყში ირანის საკონსულოზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა. 4 ნოემბერს ანალოგიურ ფაქტს 3 ადამიანი ემსხვერპლა.
ერაყში საპროტესტო აქციები პირველ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებდა. 31 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ადელ აბდელ მაჰდიმ გადადგომის და ახალი არჩევნების დანიშვნის მზადყოფნა გამოთქვა. აშშ-მა ერაყის ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.