თამბაქოზე დაწესებული რეგულაციების პარალელურად, არალეგალურმა პროდუქციამ საკმაოდ იმატა, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. უკვე გაძვირდა ერთადერთი დარჩენილი იაფი პროდუქტი - თუთუნი და პარალელურად, ყოველწლიურად მატულობს სიგარეტის ფასი. ბიზნესმენები ითხოვენ ინფორმირებულნი იყვნენ აქციზის ზრდის სამთავრობო გეგმის შესახებ, რაც მათ ზარალისგან დაიცავს.
„ეისითი იმპაქტის“ კვლევის მიხედვით, ამ მიზეზით საქართველოში წლიურად 10%-ით მოიმატა თამბაქოს კონტრაბანდამ აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან კი - 34%-ით.
გარდა ამისა, თამბაქოზე ფასის ზრდის უმთავრესი მიზანი რომ ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა შემცირებულიყო, არაეფექტური გამოდგა. კვლევაში აღნიშნულია, რომ თამბაქოს გაძვირების გამო მხოლოდ 5.3%-მა დაანება თავი მოწევას. კომპანიის წამყვანი ანალიტიკოსი, ლიკა გოდერძიშვილი ამბობს, რომ მწეველთა თითქმის მესამედი, თამბაქოზე თავის დანებების ნაცვლად, ე.წ. გასახვევ თამბაქოზე გადავიდა.
„კვლევამ გამოავლინა, რომ არამწეველების 67%-მა მოწევას თავი 2 წლის წინ დაანება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ქცევაზე ახალ რეგულაციებს გავლენა არ მოუხდენია. თითქმის ყველა ამბობს, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან რელიგია, ან შვილიშვილების თხოვნა იყო. რაც შეეხება აქტიურ მწეველს, მათი მესამედი აქტიურად აგრძელებს გასახვევი თამბაქოს მოხმარებას და ის, ვინც ჯერაც არ ეწევა გასახვევ თამბაქოს, მათი 16% ფიქრობს, რომ მომავალში თუთუნზე გადავა“, - განაცხადა ლიკა გოდერძიშვილმა.
საქართველოში თამბაქოს არალეგალური შემოდინება დღეს დიდი პრობლემაა, რადგან მეზობელ ქვეყნებში სიგარეტის ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე - ჩვენთან. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მწეველი გამოსავლს, შედარებით იაფ და კონტრაბანდული თამბაქოს შეძენაში ხედავს.
თამბაქოს ინდუსტრია მიიჩნევს, რომ სიგარეტზე აქციზის სწრაფი ზრდა, რაც მთავრობას აქვს დაგეგმილი, დააზარალებს ბიზნესს და ბიუჯეტს შემოსავლებს დააკარგვინებს. ბიზნესი მთავრობას მიმართავს, სიგარეტზე აქციზი ეტაპობრივად გაიზარდოს და განაკვეთმა ათას ღერ სიგარეტზე 90 ევროს 2029 წლისთვის მიაღწიოს.
ამასთან, კერძო სექტორის თხოვნაა, ეტაპობრივად გაიზარდოს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი, ადვალური კი 30-დან 10%-მდე შემცირდეს და ამით პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს (ადვალური გადასახადი 2018 წლის დეკემბერში 10-დან 30%-მდე გაიზარდა, რასაც სიგარეტის მკვეთრი გაძვირება მოჰყვა).
ბიზნესი თანახმაა, რომ ადვალური გადასახადის შემცირების ხარჯზე ფიქსირებული განაკვეთი ერთჯერადად გაიზარდოს 80 თეთრით, ხოლო შემდგომში ყოველწლიურად 10 თეთრით. შესაბამისი წერილით თამბაქოს ინდუსტრიამ პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა მინისტრს და ბიზნეს ომბუდსმენს მიმართა.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ თამბაქოს ბიზნესის მოთხოვნა არასწორია, რადგან მათთვის აქციზის ზრდის წინასწარ დათქმა, რისკს შეიცავს. „როცა კომპანიებს აქციზის ზრდის შესახებ წინასწარ ეცოდინებათ, ისინი აქციზური მარკების მარაგებს შეიქმნიან“, - აცხადებს ზოიძე.
ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები. „ჯეი-თი-აის“ კორპორაციული დირექტორის ივანე ხასიას აზრით, ტყუილია, რომ აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმის შესახებ ინფორმაციას ბიზნესი არასწორად გამოიყენებს.
„ადვალური გადასახადის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, ჩვენ წლის დასაწყისში ვიცოდით, რომ 2020-დან აქციზი 30-დან 50 თეთრამდე გაიზრდებოდა, თუმცა, ამის გამო მარაგების კეთება არავის დაუწყია. გრძელვადიანი გეგმის არსებობა კი ევროკავშირში დამკვიდრებული პრაქტიკაა და იქ მარაგების შექმნის პრეცენდენტი არ ყოფილა.
მარაგის შექმნა დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რაც არავის უღირს. 2-3 თვის მარაგი წინასწარ რომ გააკეთოს ბიზნესმა, ამისთვის მილიონები უნდა იყოს მობილიზებული, რაც არარეალურია. ყველაზე ძლიერი არგუმენტი კი, რაც გამორიცხავს მარაგების შექმნას, არის ის ბერკეტი, რომელიც გააჩნია შემოსავლების სამსახურს, როდესაც ნებისმიერ დროს შეუძლია უარი უთხრას მარკების გაცემაზე, თუკი უწყება დაინახავს, რომ ესა თუ ის კერძო კომპანია არაკეთილსინდისიერად მოქმედებას იწყებს“, - განაცხადა ხასიამ.
ამ ეტაპზე თამბაქოს ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს ერთსულოვანი მოთხოვნა აქვთ. ისინი ითხოვენ ინფორმირებულნი იყვნენ აქციზის ზრდის სამთავრობო გეგმის შესახებ, რაც ბიზნესს მოსალოდნელი ზარალისგან დაიცავს.