მალტელი ჟურნალისტის დაფნე კარუან გალიციას მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ თანამდებობები პრემიერმინისტრის ჯოზეფ მუსკატის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კით შემბრიმ, ტურიზმის მინისტრმა კონრად მიციმ და ეკონომიკის მინისტრმა კრის კარდონამ დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
საქმე კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 22 ნოემბერს მკვლელობის საქმეზე დაკავებული ცნობილი მალტელი ბიზნესმენი იორგენ ფენეჩი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ბიზნესმენის დაკავებას წინ უძღოდა ჯოზეფ მუსკატის განცხადება, რომ ის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის შეწყალების საკითხს განიხილავს.
რამდენიმე დღის წინ მალტის პოლიციამ კიდევ ერთი ადამიანი, მელვინ თეუმა დააკავა. გამოძიება მას მკვლელობის შემსრულებლებსა და დამკვეთს შორის შუამავლობას ედავება. მკვლელობის დამკვეთის იდენტიფიცირებისთვის სასარგებლო ინფორმაციის სანაცვლად ხელისუფლებამ მისი შეწყალების პირობა დადო.
დაფნე კარუან გალიცია 2017 წლის 16 ოქტომბერს ააფეთქეს. მკვლელობიდან ორ თვეში პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, თუმცა ისინი ბრალს ამ დრომდე არ აღიარებენ.
დაფნე კარუან გალიცია„პანამის დოკუმენტებს“ სწავლობდა, რომელშიც მალტელ პოლიტიკოსებზეც მიაკვლია ინფორმაციას. ის ამტკიცებდა, რომ მალტის პრემიერის ჯოზეფ მუსკატის ცოლი, სავარაუდოდ, ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს ფლობს, რომელიც ფულს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ქალიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისგან იღებს.
„პანამის დოკუმენტების“ გამოქვეყნების გამო მალტაზე ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, სადაც მუსკამტმა ისევ გაიმარჯვა.