აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელეთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჯეროლდ ნადლერმა დონალდ ტრამპს იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში 4 დეკემბერს დაგეგმილ მოსმენაზე მოწვევის წერილი გაუგზავნა. როგორც BBC წერს, ეს წერილი კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„კომიტეტი ელოდება თქვენს მონაწილეობას. თუ თქვენ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ მოსმენებში, გთხოვთ, ამის შესახებ კომიტეტს რაც შეიძლება მალე აცნობოთ“- ნათქვამია წერილში.
მანამდე თავად ტრამპმა არ გამორიცხა, რომ კონგრესს ჩვენებას მისცემდა. თუ პრეზიდენტი მოსმენებს დაეწრება, მას უფლება ექნება, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში მოწმეებს კითხვები დაუსვას.
ფლორიდაში, თავისი მხარდამჭერების მიტინგზე გამოსვლისას, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს პროცედურა მას მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ გამარჯვებაში დაეხმარება.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. ამის მიზეზი ტრამპი-ზელენკის სატელეფონო საუბარი გახდა.
დემოკრატებმა ივარაუდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტის, ჯო ბაიდენის და მისი შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა. საჯარო მოსმენების ფარგლებში, კონგრესს ჩვენება 12-მა მოწმემ მისცა.