თემა დახურულია – 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა – ასეთია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის განცხადებით, საზოგადოებას არაერთგზის მკაფიოდ გააცნეს საკუთარი დამოკიდებულება იმ პოლიტიკური პროცესების შესახებ, რომელიც საარჩევნიო სისტემის საკითხის გარშემო განვითარდა. კახი კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მზად არის, საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი ჩატარდეს, ოღონდ 2020 წლის საპარლამენტო, ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს.
„თუმცა, ვინაიდან ამ თემის გარშემო კვლავ არ წყდება პოლიტიკური სპეკულაციები, მსურს საზოგადოებას ჩვენი პოზიცია, რამდენიმე გზავნილით კიდევ ერთხელ გავუზიარო: პირველი – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლა „ქართული ოცნების“ ცალმხრივი პოლიტიკური ინციატივა იყო. მიუხედავად გუნდის ხელმძღვანელობის ძალისხმევისა, სამწუხაროდ, კანონპროექტმა შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მიიღო. აღნიშნული შედეგი მაჟორიტარი დეპუტატების ბუნებრივ წინააღმდეგობასთან ერთად დესტრუქციული ოპოზიციის უპასუხისმგებლო ქმედებებმაც განაპირობა.
მეორე – ყველასათვის ნათელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული განწყობების გათვალისწინებით რაიმე ახალი საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო 113 ხმის მობილიზების რესურსი დღეის მდგომარეობით არ არსებობს. თემა დახურულია – 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურმა სპექტრმა მთელი თავისი ძალისხმევა, არჩევნებისთვის მზადებასა და არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებისკენ უნდა მიმართოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კიდევ ერთ გადაწყვეტილება, რომელიც კახა კალაძემ გაახმოვა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, არ დააყენებენ საკუთარ კანდიდატებს იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი. კალაძის თქმით, შედეგად, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას.
„გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც იყო კიდეც ჩვენს მიერ ივნისში წარდგენილი საარჩევნო შეთავაზების მთავარი იდეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
უმრავლესობის გადაწყვეტილება მიუღებელია ოპოზიციისთვის. „ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, უმრავლესობის წევრები ცდილობენ მოატყუონ ოპოზიციის ლიდერები, საზოგადოება და 2020–ში ბევრი სალომე ზურაბიშვილი აარჩევინონ. ბაქრაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ტყუილებით არავინ მოტყუვდება და ამ ტყუილზე საზოგადოების პასუხი ბევრად უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე აქამდე ნანახი პროტესტი.
„ეს განცხადება არის ორმაგი მოტყუების მცდელობა. პირველ რიგში, ცდილობენ მოატყუონ ოპოზიციის ცალკეული ლიდერები და უთხრან, რომ თუ არ მიიღებთ აქციებში მონაწილეობას, თქვენ მოგიკვარახჭინებთ საქმეს ისე, რომ თქვენ პარლამენტში მოხვდებით. ეს არის ოპოზიციის დაშლის და ლიდერების მოტყუების მცდელობა და მეორე, რაც ბევრად უფრო უარესია, ეს არის მთელი საზოგადოების მოტყუების მცდელობა. დარწმუნებული ვარ, რომ ამით არავინ არ მოტყუვდება, იმდენად პრიმიტიულიად და იმდენად ხელის გულზე დევს ეს ტყუილი. საზოგადოების პასუხი ამ ტყუილზე იქნება ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ვხედავდით აქამდე პროტესტის სახით“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
„შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო დასასრული გარდაუვალია. მისი თქმით, სწორედ ოპოზიცია იქცევა ისე, როგორც ხელისუფლება უნდა იქცეოდეს – სახელმწიფოებრივად და ქვეყნის სასიკეთოდ.
„ოცნებიდან“ რა გვესმის? თუ როგორი ცუდი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენი ცუდი საქმე გააკეთა საარჩევნო საკითხებში. ამას მელაპარაკება ხალხი, რომელიც თავად იმ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი იყო მთელი წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვაპროტესტებდით მაშინ იმ არასწორ ქმედებებს. თუ „ოცნებამ“ უკვე იცის, რა არის არასწორი, რატომ იმეორებენ ამას?
ჩვენ მათ ვთავაზობთ გამოსავალს და ამის ნაცვლად, გადასვლა იმ სიბრტყეში, რომ ვინც კარგი ბიჭები და გოგოები იქნებით და სათანადოდ გაემიჯნებით „ნაცმოძრაობას“, იმას ჩვენ კონკურენტებს არ დაგიძახებთო, ეს რა არის იცით? ფოჩიანი კანფეტებით ვაჭრობის მცდელობა, თან ისე, რომ ფოჩებიც ვერ გაუკეთეს წესიერად. თუ ვინმე ამ ქვეყანაში „ოცნებას“ აკრიტიკებს, ეგრევე „ნაცმოძრაობის“ იარლიყს აკრავენ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, პლებისციტის 2020 წელს ჩატარება არასერიოზულია, რომელსაც „მაჟორიტარ სალომე ზურაბიშვილის“ ტაქტიკას დაარქმევდა. ლაგაზიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ იგივე სცენარით აპირებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, რა სცენარითაც სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში წარსდგა.
„ეს არის „ოცნების“ ტაქტიკა, ჯერ ერთი ოპოზიცია დაქსაქსონ და მეორე - მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილის ტაქტიკას დავარქმევდი მე ამას. ერთი-ერთზე გაიმეორებენ იმ სქემას, რომელიც პრეზიდენტის შემთხვევაში იყო, ანუ ჩათვალეს, რომ თვალებში ნაცრის შეყრა კარგად გამოუვიდათ სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, ვითომ სახელისუფლებო კანდიდატი არ იყო.
ახლაც იგივე სქემით იმუშავებენ – „ქართული ოცნების“ სახელით არ წამოაყენებენ მაჟორიტარებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქნება სახელისუფლებლო კანდიდატი და ამით კვლავ ამომრჩევლის მოტყუებას შეეცდებიან. იტყვიან დამოუკიდებელი კანდიდატიაო, მაგრამ სახელისუფლებლო რესურსი ამ ვითომდა დამოუკიდებელ მაჟორიტარებზე იმუშავებს და ამომრჩევლისთვის მოტყუებისა და თვალში ნაცრის შესყრის მცდელობა იქნება“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, თუ ხელისუფლება წმინდა პროპორციულზე წავა, ეს, რა თქმა უნდა, აღიქმება ისე, რომ ხელისუფლებამ დათმო, წააგო. მისი თქმით, ე.წ. გერმანული მოდელი იძლეოდა კომპრომისულ ვარიანტს. ამ შემთხვევაში ხელისუფლების წაგებაზე არ იქნებოდა საუბარი, მაგრამ მოხდებოდა შეთანხმება და საერთო ჯამში მიიღებდნენ კომპრომისულ ვარიანტს.
„თუ სერიოზულად განვიხილავთ, გერმანული მოდელი მართლაც კომპრომისული ვარიანტია, მაგრამ ხელისუფლება არც ამ კომპრომისისთვის არის მზად. როგორც ჩანს, საქმე იმაზე ცუდად აქვთ, ვიდრე თუნდაც წარმომედგინა. მე არ ვთვლიდი ისე, რომ 50%–იან ბარიერს ვერ გადალახავდა ხელისუფლება და ვერ შეძლებდა მარტო „ქართულ ოცნებას“ დაემტკიცებინა სამთავრობო კაბინეტი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მოიძებნებოდა ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, ვისთან ერთადაც შეძლებდნენ მთავრობის ფორმირებას და კოალიციური მთავრობის შექმნას. მაგრამ, როგორც ჩანს, გაცილებით ცუდად აქვთ საქმე, ვიდრე მე წარმომიდგენია და ამიტომ, მათ უარი თქვეს ერთ ვარიანტზე, ასევე შედარებით კომპრომისულ ვარიანტზე ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც ასევე იძლევა მანევრების საშუალებას და დაუბრუნდნენ ყველაზე ხისტ მოდელს, რომელიც სხვადასხვა პირობებში, სხვადასხვანაირად მუშაობს. ხელისუფელებამ თემა დახურა და ცდილობს გაექცეს დებატებს, თუკი ამის საშუალებას ოპოზიცია მისცემს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
კონსტიტუციონალისტ, ვახუშტი მენაბდის შეფასებით, კახა კალაძის განცხადება არის იმ პროცესების არადეკვატური პასუხი, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. რაც შეეხება პლებისციტის ჩატარებას, როგორც მენაბდე აცხადებს, აქამდე გადაწყვეტილი საკითხი ეგონა მთელს საზოგადოებას, კონსტიტუციაში გარკვევით წერია, როგორ ტარდება 2024 წლის არჩევნები, ლაპარაკი იყო 2020 წლის არჩევნებზე და ეს ჟღერს როგორც მუქარა.
„გაიმეორებენ იმ კარტს, რომელიც თავის დროზე გაითამაშეს და ოპოზიციას დააბრალეს – 2020 წლის არჩევნების შერეული წესით ჩატარება. 2012 წლის მოწვევის პარლამენტში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ 2016 წლის არჩევნები ჩატარებულიყო შერეულად და 2020 წლის არჩევნები პროპორციულად, თუმცა მაშინ ეს საკითხი გააპროტესტა ოპოზიციამ და 2016 წლის არჩევნების ჩატარება მოითხოვა და ამის შემდეგ „ქართული ოცნება“ აყვედრის საზოგადოებას, რომ აი მაშინ, ოპოზიციამ ჩააგდო გეგმა, თორემ 2020 წლის არჩევნებს პროპორციულად ჩავატარებდითო.
იგივე კარტს ათამაშებენ ახლა. „ქართული ოცნების“ შემოთავაზება არ არის ლერევანტული იმ მოთხოვნებისა, რაც არსებობს და ეს სიხისტე საბოლოო ჯამში ცხადია არ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას საბოლოო ჯამში აქვს სურვილი, პროცესები დაბრუნდეს ნორმალურ კალაპოტში და დაუბრუნდეს განვითრების იმ ხაზს, რომელიც იყო მანამ, სანამ ჩავარდებოდა ის პროექტი, რომლის ინიციატორები იყვნენ თავად“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახუშტი მენაბდემ.