ქართული ბედოვლათობის კიდევ ერთ შესანიშნავ დასტურად იქცა თბილისის აეროპორტის საბაჟოზე მომხდარი ამბავი: 250 ათასი დოლარის ღირებულების მედიკამენტები, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოუგზავნა თბილისის ნევროლოგიის ინსტიტუტს გერმანიის ექიმთა თანამშრომლობის ასოციაციამ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში არ შემოუშვა და მედიკამენტებიც „დაპატიმრებულნი“ აღმოჩნდნენ (!!!).
სამინისტრო ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ მედიკამენტების ერთი ნაწილი არ არის რეგისტრირებული საქართველოში...
იმავე ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ რამდენიმე დასახელების მედიკამენტის შემოტანაზე ნებართვა გაცემული აქვთ და პრობლემას საბაჟო ქმნის.
აი, აეროპორტის საბაჟო კი, რეგისტრირებული წამლების დაკავებას ჯანდაცვის სამინისტროს აბრალებს (!). ამასობაში კი გერმანელები აპირებენ მთელი ამ ტვირთის უკან წაღებას, არადა, იქ ბევრი ისეთი მედიკამენტია, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია უწინარესად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ, ნაწილი კი ანტიბიოტიკებია, რომლებიც ასევე აუცილებელია გრიპის ეპიდემიით მოცული საქართველოს მოსახლეობისათვის.
საბაჟოს და ჯანდაცვის სამინისტროს, როგორც ჩანს, ეს სულაც არ ანაღვლებს! რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ 250 ათასი დოლარის მედიკამენტების ჰუმანიტარული, ანუ უფასო დარიგება ავადმყოფებისთვის დაარტყამდა ადგილობრივ „აფთიაქართა“ ინტერესებს? კი მაგრამ, ღმერთის აღარ გეშინიათ?!