ერაყში, ბასრის პროვინციის ქალაქ უმ-ქასრში პოლიციელებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.
დემონსტრანტები უმ-ქასრის პორტისკენ მიმავალი გზების გადაკეტვას ცდილობდნენ, რის გამოც პოლიციელებმა მათი მისამართით ცეცხლი გახსნეს. სროლის შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა ათეულობით ადამიანი.
ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში შეტაკებებს უკვე 330-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია.
ერაყში საპროტესტო აქციები პირველ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებდა. 31 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ადელ აბდელ მაჰდიმ გადადგომის და ახალი არჩევნების დანიშვნის მზადყოფნა გამოთქვა. აშშ-მა ერაყის ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.